ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხში დისკრიმინაციულია.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ყველაზე მეტ თანხას მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აძლევს. მათივე თქმით, საპატრიარქოს დაფინანსებაში ზრდის დინამიკა შეიმჩნევა. კერძოდ:

  • 2013 — 29 220 350 ლარი;
  • 2014 — 32 019 399 ლარი;
  • 2015 — 31 153 900 ლარი;
  • 2016 — 30 201 015 ლარი;
  • 2017, 2018 და 2019 წლებში — დაახლოებით, 28 მილიონ ლარი;
  • TDI-ის განცხადებით, 2019 წლის მონაცემები მთავრობის კანცელარიამ არ მიაწოდა.

ამავდროულად, TDI-ს განცხადებით, საგრძნობლად დაბალია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე გაცემული თახნა. კერძოდ, ოთხ რელიგიურ გაერთიანებას — მუსლიმ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემებს — საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისთვის გამოეყო შემდეგი თანხა:

  • 2014 — 1 750 000 ლარი;
  • 2015 — 4 200 000 ლარი;
  • 2016 — 4 500 000 ლარი;
  • 2017 — 4 500 000 ლარი;
  • 2018 — 4 500 000 ლარი;
  • 2019წ — 4 500 000 ლარი.

საპატრიარქოს ცენტრალური საბიუჯეტო დაფინანსება

TDI-ის განცხადებით, საპატრიარქოს დაფინანსებაში ყველაზე დიდი წილი ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურ ტრანსფერზე მოდის. მათი თქმით, 2002 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, რელიგიურმა ორგანიზაციამ ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 276,5 მილიონი ლარი მიიღო.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2009 წლიდან 2013-მდე ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები 22-დან 27 მილიონამდე მერყეობდა, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი საპატრიარქოს დაფინანსებისათვის სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან გამოეყო 25 535 400 ლარი, ხოლო 2019 და 2020 წლისთვის ბიუჯეტში კვლავ 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საპატრიარქოს დაფინანსება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

TDI-ის განცხადებით, 2017, 2018 და 2019 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სასულიერო აკადემიისთვის, ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში თანხა გათვალისწინებული არ არის.

წინა წლების მონაცემების მიხედვით, ორგანიზაცია აცახდებს, რომ:

  • 2016 წელს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოიყო 40 000 ლარი. აქედან 35 000 ლარით დაფინანსდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ დაგეგმილი პროექტი "ქალები ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში". ხოლო 5 000 ლარი გამოიყო ილია II-ის აღსაყდრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ტირაჟირებისა და საქართველოსა თუ უცხოეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებში მისი გავრცელებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით;
  • 2015 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს ფულადი სახსრები არ გაუცია;
  • 2014 წელს საქართველოს საპატრიარქოს იურიდიულ პირებსა და მის ბენეფიციარებს გადაეცა 108 000 ლარი. თანხა ძირითადად სოციალური პროექტებისთვის იყო განკუთვნილი;
  • 2013 წელს სარეზერვო ფონდიდან ფოთის საკათედრო ტაძრისთვის გაიცა 339 500 ლარი. დაფინანსება მოიცავდა როგორც მშენებლობისთვის საჭირო თანხას, ასევე ფარავდა ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებული სადღესასწაულო მსახურების, საინფორმაციო-სარეკლამო რგოლის დამზადების, ტელეეთერში განთავსებისა და დაგეგმილ ღონისძიებაზე მგზავრთა ტრანსპორტირების ხარჯებს.

ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ანალიზი აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების შემდეგ, ეკლესიისთვის ფონდიდან გაცემულმა თანხის ოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მაგალითად, 2007-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელ ეკლესიას მთლიანობაში 10 806 207 ლარი გადაეცა, აქედან ყველაზე დიდი ოდენობის თანხა — 5 484 800 ლარი, 2008 წელს გამოიყო.

მთავრობის მიერ გადაცემული თანხა და უძრავ-მოძრავი ქონება

გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, მთავრობა საპატრიარქოს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა. ორგანიზაციის განცხადებით, თანხები უმეტესად სარეზერვო ბიუჯეტიდან იხარჯებოდა.

კერძოდ, 2019 წელს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 900 ათასამდე ლარი გამოიყო.

2016-2018 წლებში TDI-ის ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოსთვის 1 379 700 ლარი გამოიყო სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციის, აღდგენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით.

წინა წლებში კი, TDI-ის მონაცემებით, საპატრიარქომ რამდენიმე მილიონი ლარი მიიღო:

  • 2015 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ჯამში გამოეყოთ 1 590000 ლარი;
  • 2014 წელს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ცენტრების რელიგიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ჯამში 1 542 000 ლარი გამოიყო;
  • 2013 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით 270 000 ლარი დაიხარჯა.

TDI-ის განცხადებით, მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემს სხვადასხვა სახის მატერიალურ სიკეთეს: ავტომობილებს, ავტობუსებსა და სხვა ნივთებს. მათი თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, გადაცემული ქონების ღირებულება არ არის შეფასებული.

ორგანიზაციის განცხადებით, საპატრიარქოს სიმბოლური ერთი ლარის გადახდის სანაცვლოდ, ან სრულიად უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა არა მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთები და სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონება.

TDI-ის ინფორმაციით 2018 წელს საპატრიარქოს გადაეცა 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420,102 მ², მათ შორის 300,245 მ² სასოფლო-სამეურნეო და 119,857 მ² არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2,750.35 მ² ფართობის შენობა-ნაგებობები. 2017 წელს კი გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87,984 მ², რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 მ². ფართობის შენობა-ნაგებობები.

მათივე მონაცემებით, 2016 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა 20 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 287,222 მ², მათ შორის, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით — 282,550 მ², ხოლო სარგებლობის უფლებით (უზუფრუქტის ან აღნაგობის ფორმით) — 4,672 მ². ასევე, მოძრავი ქონების სახით მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა — ტრაქტორი და 10 000 ტუფის ქვა.

რაც შეეხება წინა წლებს, ორგანიზაციის განცხადებით, 2015 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრების უფლებით გადაეცა 21 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 568,060 მ², რაც შეეხება სარგებლობა/უზუფრუქტით გადაცემულ ქონებას, საპატრიარქოს 2015 წელს გადაეცა ერთი უძრავი ნივთი, საერთო ფართობით 11,810.00 მ². 2014 წელს კი საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრების უფლებით გადაეცა 27 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 345,454.83 მ² სარგებლობა/უზუფრუქტით გადაეცა უძრავი ნივთი საერთო ფართობით, 2,207 მ².

უძრავი ქონება

TD-ს განცხადებით, 2017 წლისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას ფლობდა, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება. მათივე თქმით, ფართობის 96 პროცენტი საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრების უფლებით და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.

TDI–ის მონაცემებით, 2016-2018 წლებში სახელმწიფომ საპატრიარქოს 801 308 მ² ფართობის უძრავი ქონება გადასცა. მათივე თქმით, ჯამში, TDI–ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ²–მდე ფართობს მოიცავს.

"ხშირად დაფინანსების მიზნობრიობად დასახელებულია ისეთი ბუნდოვანი და ზოგადი კატეგორია, როგორიცაა "ხელშეწყობა", "ინფრასტუქტურის გაუმჯობესება" და ა.შ. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია დადგინდეს კონკრეტულად რა სამუშაოსა თუ აქტივობისთვის ითხოვს საქართველოს საპატრიარქო დაფინანსებას.

საპატრიარქოს დაფინანსების პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ რელიგიური ორგანიზაციისთვის სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონებისა თუ სხვა ფინანსური რესურსის გადაცემის მასშტაბის ზრდა მოახლოებულ არჩევნებსა და აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება", — აცხადებს ორგანიზაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადაცემული მატერიალური სიკეთე

TDI-ის განცხადებით, ცენტრალური მთავრობის მსგავსად, საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა რესურსს გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც. რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით მიხედვით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2016, 2017 და 2018 წლებში საპატრიარქოსთვის დაფინანსება არ გაცემულა, ხოლო 2019 წელს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტს გამოეყო 157 100 ლარი უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

მათივე ინფორმაციით, 2015 წელს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს, შპს ხარ-ფურს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის მიმართვის საფუძველზე, ქობულეთში მდებარე 249 909 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პირობების განხორციელების სანაცვლოდ, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით გადაეცა.

TDI-ის განცხადებით, 2014 წელს საპატრიარქოს აჭარის მთავრობისგან მატერიალური სიკეთე არ მიუღია. 2013 წელს კი აჭარის მთავრობამ საპატრიარქოს გადასცა მეორადი საოფისე ტექნიკა, რომლის საერთო ღირებულება, აუდიტის შეფასებით, 15 978 ლარს შეადგენს.

მუნიციპალური დაფინანსება და ქონების გადაცემა

TDI-ის ინფორმაციით, 2013-2019 წლის მონაცემებით, თვითმმართველმა თემებმა და ქალაქებმა თანხის უდიდესი ნაწილი საპატრიარქოსთვის გამოიყო და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება უმნიშვნელოა.

წლების მიხედვით კი საპატრიარქოს დაფინანსების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გეგმის მიხედვით, 40 მუნიციპალიტეტმა რეგიონებში საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 3 269 400 ლარი. დამატებით, თბილისის ათმა მუნიციპალიტეტმა საქართველოს საპატრიარქოს გადასცა 1 561 158 ლარი;
  • 2018 წელს 40 მუნიციპალიტეტმა რეგიონებში საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 2 753 600, თბილისისნმუნიციპალიტეტებში კი მართლმადიდებელ ეკლესიებს გამოეყო 1 291 084 ლარი;
  • 2017 წელს რეგიონებში მართლმადიდებელ ეკლესიას თვითმმართველმა ორგანოებმა გამოუყვეს 2 145 350 ლარი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტებმა – 1 240 885 ლარი;
  • 2016 წელს 51-მა მუნიციპალიტეტმა რეგიონებში და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 4 423 615 ლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რეგიონებში — 3 105 007 ლარი, თბილისის რაიონული გამგეობები – 1 318 608 ლარი).
  • 2015 წელს 48 მუნიციპალიტეტმა რეგიონებში და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესიებს, სასულიერო პირებს, ეპარქიებს თუ იურიდიულ პირებს გადასცა 3 966 590 ლარი (რეგიონული მუნიციპალიტეტები — 2 364 829 ლარი, თბილისის რაიონული გამგეობები — 1 601 761 ლარი);
  • 2014 წელს 40-მა მუნიციპალიტეტმა რეგიონებში და თბილისის 10-მა რაიონულმა გამგეობამ მართლმადიდებელ ეკლესიას გამოუყო 4 738 539 ლარი (რეგიონული მუნიციპალიტეტები — 2 967 578 ლარი, თბილისის რაიონული გამგეობები — 1,770,961 ლარი);
  • 2013 წელს მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ეპარქიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა მთლიანობაში 3 864 871 ლარს შეადგენს, აქედან თბილისის რაიონულმა გამგეობებმა გამოყვეს 2 198 336 ლარი. ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობებმა რეგიონებში — 1 666 534 ლარი.

TDI-ს განცხადებით, გარდა ფულადი სახსრებისა, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისგან იღებს უძრავ ქონებასაც.

ამ მონაცემების მიუხედავად, სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ მათი დაფინანსების საკითხი გასაოცარი კი არა, პირიქით, იმაზე ნაკლებია, ვიდრე სჭირდებათ.

მთავრობა კი ამტკიცებს, რომ სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა არ აქვს.

დაფინანსების პრაქტიკის სამართლებრივი შეფასება

სახელმწიფომ 2002 წლიდან მართლმადიდებელი ეკლესიის პირდაპირი დაფინანსების ვალდებულება აიღო, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების, ე.წ. კონკორდატის საფუძველზე ხდება.

TDI-ს განმარტებით, მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-1990 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს და როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის ვალდებულებას იღებს. თუმცა, ორგანიზაციის განცახდებით, მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული პრაქტიკის დასაბუთება კონსტიტუციური შეთანხმებით გაუმართლებელია.

TDI-ს განმარტებით, კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, ოდენობის, ვადების, ქონების, ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად იქმნება კომისია, რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს. მათი განცხადებით, შექმნილ კომისიას, რომელსაც ეკლესიისთვის გადასაცემი კომპენსაციის ოდენობის, ფორმების, ვადებისა და სხვა წესები უნდა დაედგინა, რეალურად არასდროს უმუშავია.

"მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 იანვარს #1 ბრძანებულებით განისაზღვრა "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველმყოფ კომისიათა" შემადგენლობები. სულ შეიქმნა ხუთი კომისია, მათ შორის, ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით. კომისიის სხდომების ოქმების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაცია დაცული არ არის", — აცხადებს TDI.

მათივე განცახდებით, 2012 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებულების გაუქმების შემდეგ, მთავრობის ახალი დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია.

"რვა სამუშაო ჯგუფს შორის ერთ-ერთს უნდა ემუშავა XIX-XX საუკუნეებში ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის დადგენაზე. თუმცა აღნიშნულ ჯგუფს რეალურად არ უფუნქციონირებია და არც რაიმე გადაწყვეტილება მიუღია, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა", — წერია ანგარიშში.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან ეკლესიის პირდაპირი დაფინანსების პრაქტიკა კომპენსაციის ფორმას არ წარმოადგენს, რადგან მიყენებული ზიანი არ დაანგარიშებულა და ყოველწლიურად მატერიალური სიკეთის გადაცემა კომპენსაციის ოდენობის, ვადებისა და პროცედურების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების გარეშე დაიწყო და გრძელდება.