პოლიტიკოსები NDI-ს საზოგადოებრივი განწყობის კვლევას ეხმაურებიან

14 სექტემბერს „ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 6 კვირით ადრე საზოგადოებრივი განწყობის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმეტესობა – 88% – ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კვლევაზე განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ კვლევის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანა. მისი თქმით, CRRC [რომელმაც NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩაატარა] „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაა და  მისი პროგნოზი „ყოველთვის ცდებოდა 20-25%-ით“. „სინამდვილეში, ეს არანაირი კვლევა არ არის, ოფისებში და ოთახებში სხედან და იქ წერენ ამ მონაცემებს, თორემ სხვა შემთხვევაში სხვანაირი პასუხები იქნებოდა“, – თქვა მდინარაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი პარტიის რეალური მხარდაჭერა NDI-ს კვლევაში ნაჩვენებ შედეგებს აღემატება. „ჩვენ უფრო მეტად სარწმუნო, საჯარო, ავტორიტეტული კვლევებით ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“,  -აღნიშნა თალაკვაძემ.  

რაც შეეხება ოპოზიციის გამოხმაურებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინათინ ბოკუჩავას თქმით,  გასაკვირი არ არის, რომ ქართველთა 36%-ისთვის პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან „ადამიანები კონკრეტულ ეკონომიკურ ხედვას ელიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან“. 

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე ეს 59 პროცენტი გადაითარგმნება ოპოზიციისთვის სასარგებლო ხმებში და ეს მოიყვანს ამ ხელისუფლების ცვლილებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.  

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევების შედეგები ოპოზიციისთვის ხელსაყრელი სიტუაციის აღმნიშვნელია. „NDI- ის კვლევებიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც უარს ამბობს დაასახელოს, თუ რომელ პარტიას უჭერს არჩვენებში მხარს, რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების მხარდამჭერი“, – განაცხადა აქუბარდიამ.  

კვლევას ასევე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩევნების წინ ხალხის „მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე“. „ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოლოდინი დავაკმაყოფილოთ ჩვენი ცვლილებების გეგმით“, – განაცხადა ბოკერიამ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version