2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი, დოკუმენტს ხელი მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოაწერეს.

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმებია, რომლის მიზანი დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვაა. იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფასილიტაციით, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით შეიქმნა.

კოდექსი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას ეხება, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრევენციას, ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმართვისა და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის მნიშვნელობას. პარტიები დოკუმენტზე ხელის მოწერით გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კამპანიის ფინანსური რესურსების ხარჯვა მოახდინონ გამჭვირვალედ, პატივი სცენ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების უფლებას და განზრახ არ გავავრცელონ ყალბი ინფორმაცია.

კოდექსი, ასევე, ითვალისწინებს პარტიების შეთანხმებას, რომ არც უშუალოდ და არც დაქირავებული მესამე პირების მეშვეობით არ გამოიყენონ ე.წ. ბოტების ქსელი პოლიტიკურ ოპონენტებზე, არ დააშინონ ამომრჩევლები ან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, არ განახორციელონ ზეწოლა ან ძალადობა.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ, გააქტიურდა დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ. ფეისბუქმა არაავთენტურ ან კოორდინირებულ ქმედებაში შენიშნულ ანგარიშები რამდენჯერმე დაბლოკა. მათ შორის, 2-ჯერ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული, ხოლო ერთხელ ნაციონალურ მოძრაობასთან.