View in browser
IX გამოცემა
24 აგვისტო - 8 სექტემბერი, 2020

მიმდინარე გამოცემის თემები

  • “დოსიეს” ანგარიშები: რუსული გავლენების გამოაშკარავება საქართველოში “პატრიოტთა ალიანსის” მაგალითზე
  • სპუტნიკის აუდიტორია სამხრეთ კავაკასიაში
  • ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოში - აკადემია, მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები
        პოლიტიკის უახლესი მოვლენები

        “პატრიოტთა ალიანსის” კოლაბორაცია კრემლთან - “დოსიეს” ანგარიშები

        ხადარკოვსკის საგამოძიებო პლატფორმამ, “დოსიემ”, “პატრიოტთა ალიანსის” კრემლთან კავშირების შესახებ ორი ანგარიში გამოაქვეყნა. პირველი ანგარიში ფინანსურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო მეორე კრემლის უსაფრთხოების სამსახურებსა და “პატრიოტთა ალიანსს” შორის ურთიერთობის დეტალებს ამჟღავნებს.

        პირველი ანგარიში ააშკარავებს იმ ქსელს, რომელიც “პატრიოტთა ალიანსთან” ურთიერთობას მოსკოვიდან კურირებს. “დოსიეს” მტკიცებით, მაკოორდინირებელ როლს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჩერნოვი (პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარ, სერგეი ივანოვთან დაახლოებული პირი) ასრულებს. “დოსიეს” მიხედვით, საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსის” დასახმარებლად ჩერნოვის სამმართველომ ევროკავშირის მიერ სანქცირებული “საარჩევნო ექსპერტი”, სერგეი მიხეევი დაიქირავა. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეევის მიერ გასამრჯელოდ მოთხოვნილი 700 ათასი აშშ დოლარის გარდა, კამპანიის ხარჯების დასაფარად “პატრიოტთა ალიანსმა” მოსკოვისგან 8,430,625 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოითხოვა, რაც ცენტრალური და რეგიონული საარჩევნო ოფისების, მედიის, სუვენირების და ა.შ. დანახარჯებს უნდა მოხმარდეს.

        მეორე ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად, რუსი ინსტრუქტორების მიერ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მათი ვიზიტის გამართლებისთვის მიცემულ რჩევებს მოიცავს. ანგარიშში მოცემული მესიჯბოქსი შემდეგი გზავნილებისგან შედგება: ვიზიტს ჰქონდა საქველმოქმედო მიზნები; “სახალხო დიპლომატიას”, როგორც კვლევებიდან ჩანს, მოსახლეობა მხარს უჭერს; “სახალხო დიპლომატიის” მოწინააღმდეგეები საქართველოს რეალური მოღალატეები არიან; მორიგი ომების თავიდან ასაცილებლად ნეიტრალიტეტი კონსტიტუციაში უნდა აისახოს; ოფიციალური არხებით დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსის” პერსონალმა და მათი კამპანიის კურატორმა POLITISECRETS-იდან პარტიის მხარდაჭერის ნაკლებობის პრობლემა განიხილეს, რადგან ამჟამინდელი რეიტინგით პარტია 5%-იან ზღვარს ძლივს აღწევს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კამპანიის რუსი კონსულტანტები “პატრიოტთა ალიანსისგან” ქართველი ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებსაც ითხოვენ, მათ შორის მისამართებს.

        “დოსიეს” ანგარიშებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მკაცრი პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. რამდენიმე პარლამენტარმა “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა, ხოლო “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, პროკურატურას “პატრიოტთა ალიანსის” კრემლიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან გადაამისამართა, რადგან, მათი განმარტებით, პოლიტიკური ორგანიზაციების ფინანსური საკითხების განხილვა აუდიტის სამსახურის მოვალეობაა. ამავდროულად, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა” “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ მასალებს “აბსურდული” უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მისი პარტიის პოპულარიზაციაში რუსი პოლიტიკური კონსულტანტები ნამდვილად არიან ჩართულნი.

        დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები პროკურატურას შესაძლებლობას აძლევს, რომ აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, ვინაიდან ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით უცხოურ ძალებთან შესაძლო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვის ნიშნებს შეიცავს. პროკურატურის უარი გამოძიების დაწყებაზე შესაძლოა პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებდეს, რის ნაკლებობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “მთავარი არხის” წინააღმდეგ გამოძიების საბოტაჟის მუხლით დაწყების დროს არ განიცდიდა.

        როგორ მარცხდება სპუტნიკი კავკასიაში ადგილობრივ მედიებთან კონკურენციაში

        DFRLab-მა Sputnik-ის საქმიანობა შეადარა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამ კარგად დამკვიდრებულ და მიუკერძოებელ ადგილობრივი გამოცემების მუშაობას: CivilNet სომხეთში, Oxy.az აზერბაიჯანში და Netgazeti საქართველოში. ამ გამოცემების საქმიანობა შედარებულ იქნა სამი საზომის მიხედვით: 1. ტრეფიკის მოცულობის გაანალიზება მათ გვერდებზე; 2. თითოეული გამოცემის Facebook-სა და Twitter-ზე გაზიარებული კონტენტის რაოდენობის გაზომვა; 3. ფეისბუქ გვერდებზე აუდიტორიის ჩართულობის სიხშირე და ხასიათი გაზომვა და შესწავლა. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში არსებული ადგილობრივი, მიუკერძოებელი ონლაინ მედიების მასალები სოციალურ ქსელებში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ამ რეგიონზე ფოკუსირებული სპუტნიკის კონტენტი. მკითხველი უფრო ხშირად ერთვება ადგილობრივი მიუკერძოებელი მედიების დაწერილი მასალების განხილვაში, ვიდრე ეს სპუტნიკის შემთხვევაში გვხვდება. ეს გვიჩვენებს, რომ კრემლის მიერ დაფინანსებულ სპუტნიკზე მეტად, აუდიტორიისთვის ადგილობრივი გამოცემების კონტენტი უფრო საინტერესოა.

        სოციალური გავრცელების ქსელი Facebook-ზე

        ოციალური გავრცელების ქსელის გასაზომად DFRLab-მა შეაგროვა Facebook-ისა და Twitter-ის ის პოსტები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის საინფორმაციო სააგენტოებთან დაკავშირებულ ახალი ამბების კონტენტს მოიცავდა. DFRLab-მა 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტოს შუალედში Facebook-სა და Twitter-ზე გაზიარებული Sputnik-ის კონტენტი შეისწავლა, შედეგები კი რეგიონის სამ ავტორიტეტულ და მიუკერძოებელ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს შეადარა, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები. შედეგების მიხედვით, მართალია, Sputnik-ის განაწილების ქსელმა Facebook-სა და Twitter-ზე 25 მილიონზე მეტ გამომწერს მიაღწია, მაგრამ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს უფრო დიდი განაწილების ქსელი ჰქონდათ, რომელიც სოციალური მედიის ორივე პლატფორმაზე ჯამში 40 მილიონ გამომწერს აღწევდა.

        CrowdTangle-ის სოციალური მედიის მონიტორინგის საშუალების გამოყენებით DFRLab-მა Facebook-ზე გაზიარებულ დაახლოებით 85 000 ბმულს მიაკვლია, რომელთაგან 45 პროცენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის ახალი ამბების კონტენტს შეესაბამებოდა, ხოლო 55 პროცენტი — მიუკერძოებელი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოებისას.

        ანალიზის ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-ის 495-მა აქტივმა, მათ შორის Facebook გვერდებმა, ჯგუფებმა და პროფილებმა, Sputnik-ის ამ საინფორმაციო სააგენტოებიდან კონტენტის მინიმუმ ერთი სტატია გააზიარა. Facebook-ის ჯგუფების, გვერდებისა და საჯარო პროფილების გამომწერების რაოდენობის ჯამის მიხედვით, Facebook-ის ამ აქტივებმა ჯამში დაახლოებით 18 მილიონი გამომწერის მქონე სოციალური გავრცელების ქსელს მოუყარა თავი.

        მეორე მხრივ, რეგიონის ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა ჯამში დაახლოებით 35 მილიონი გამომწერის მქონე სოციალური გავრცელების ქსელი მოაგროვა Facebook-ის იმ 822 აქტივის მიხედვით, რომელმაც 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 2020 წლის 1-ლ აგვისტოს შორის შუალედში მათი კონტენტის მინიმუმ ერთი სტატია გააზიარა. ეს იმის მაჩვენებლია, რომ Facebook-ზე ამ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების სოციალური გავრცელების ქსელი თითქმის ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე Sputnik-ის საინფორმაციო სააგენტოებისა.

        სოციალური გავრცელების ქსელი Twitter-ზე

        DFRLab-მა გამოიყენა Brandwatch სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტი და დაადგინა, რომ 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე, ტვიტერის 3 000 ანგარიშიდან გაზიარდა 10 ათასი ბმული მაინც, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Sputnik-ის ვებგვერდებს ეკუთვნოდა. 2 500-ზე მეტმა ანგარიშმა კი მიუკერძოებელი ადგილობრივი გამოცემებიდან 70 ათასამდე ბმული გააზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერზე ახალი ამბების კონტენტი უფრო მეტად ადგილობრივი გამოცემებიდან ზიარდებოდა, Sputnik-ის წვლილი მაინც დიდია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ მედიაში შექმნილ ამინდზე — სპუტნიკის კონტენტი 8 მილიონ ტვიტერის მომხმარებელმა იქნა მიტანილი მაშინ, როცა ადგილობრივი გამოცემების კონტენტი 5 მილიონზე ცოტათი მეტმა ადამიანმა ნახა.

        გამოხმაურება გაზიარებულ მედიაკონტენტზე

        DFRLab-მა აგრეთვე გამოიკვლია, როგორი გამოხმაურება ჰქონდა Sputnik-ის საინფორმაციო ვებგვერდებიდან გაზიარებულ მედიაკონტენტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კვლევით შეფასდა, თუ რამხელა და როგორი ფორმით ჰქონდა გამოხმაურება გაზიარებულ ბმულებს ფეისბუქის და ტვიტერის მომხმარებლების მხრიდან. ფეისბუქზე მომხმარებელთა გამოხმაურება მოიცავს გაზიარებას, კომენტარებს, მოწონებებსა და რეაქციებს, ტვიტერზე კი ითვლება პასუხი, გადატვიტვა და მოწონება. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ რეგიონში მიუკერძოებელ ადგილობრივ გამოცემებებს უფრო დიდი გამოხმაურება ჰქონდათ (5,5 მილიონი), ვიდრე Sputnik-ს (1 მილიონი).

        რუსეთის მთავრობის მიერ მართვადმა სააგენტომ, კრემლის მიერ დაფინანსებულმა Sputnik-მა გააჩინა იმის საფრთხე, რომ კრემლი მას იმ ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებდა, რომლებშიც ის ოპერირებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Sputnik-მა სამხრეთ კავკასიაში დიდი სოციალური გავრცელების ქსელის აგება მოახერხა. მიუხედავად ამისა, მისი გავრცელების ფარგლები და გავლენა ავტორიტეტულ, დამოუკიდებელ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებთან შედარებით შეზღუდულია. ახალი ამბების სანდო ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს უფრო დიდი სოციალური განაწილების ქსელი აქვთ და სოციალურ ქსელში ისინი უფრო მეტ მკითხველს იზიდავენ. მართალია, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორში ადგილობრივი, დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოებისთვის აშკარა პრიორიტეტის მინიჭების მიზეზი ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ რეგიონულ საკითხებში კრემლის მუდმივმა ჩარევამ, სავარაუდოდ, ადგილობრივი აუდიტორია რუსეთის სამთავრობო მედიის მიმართ სკეპტიკური გახადა.

        DFRLab-ის სტატია სრულად იხილეთ აქ.

        სპუტნიკის აუდიტორია სამხრეთ კავკასიაში

        „პატრიოტთა ალიანსი“ ანტი-თურქულ გზავნილებს ავრცელებს. პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანია სახელწოდებით „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო“ მოიცავდა ძველი რუკის გავრცელებასაც, რომელიც თურქულმა გაზეთმა 2013 წელს გამოაქვეყნა და რომელშიც ბათუმი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ რუკა ახლახანს გაავრცელა გაზეთმა „მილეთმა“ და ეს ფაქტი აჭარის რეგიონში თურქეთის ექსპანსიონისტურ მისწრაფებებს ამტკიცებს. პარტიის აქტივისტებმა აღნიშნული რუკა ანტი-თურქული გზავნილების შემცველი ნარატივებით რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფშიც გააზიარეს. „მითების დეტექტორმა“ ახსნა რუკის წარმომავლობა და კონტექსტი, რომელიც ქურთების მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის 2013 წელს გავრცელებულ ბუნდოვან განცხადებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. „მითების დეტექტორმა“ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთის მთავრობა პრეტენზიას არ აცხადებს აჭარის რეგიონზე და საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმება დიდი ხნის წინ შედგა.

        რუსი ექსპერტები აშშ-ს ნატო-რუსეთის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას სპუტნიკ-საქართველომ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ აგრძელებს რუსეთის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას და ამერიკული სამხედრო კონტიგენტი გერმანიიდან პოლონეთში გადაყავს. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის 1997 წელს დადებული ფუძემდებელი აქტი ნატოს ჯარის რაოდენობის გაზრდას უკრძალავს აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ორგანიზაციაში 1997 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ. შესაბამისად, მისი მტკიცებით, აშშ ხელშეკრულებას არღვევს. „მითების დეტექტორმა“ გააბათილა აღნიშნული ყალბი ცნობები და განმარტა, რომ რუსეთმა თავად დაარღვია შეთანხმების საბაზისო პრინციპები, რამაც ევროპული უსაფრთხოების გარემოს ცვლილება გამოიწვია. შესაბამისად ნატოს მიერ 1997 წელს შეთანხმებული ვალდებულებები დღევანდელ რეალობაში, რუსეთის ქმედებების შედეგად რელევანტური აღარ არის.

        „ქართული მარში“ ესტონეთის წინააღმდეგ. გასულ კვირას ულტრამემარჯვენე ჯგუფის „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ესტონეთის პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და მწერალი მიკ პარნიცა. ბრეგაძემ მწერალი წარმოადგინა, როგორც „მამათმავალი დაზვერვის შეფი“. ბრეგაძის ფოტომანიპულაცია „ნიუსფრონტ საქართველომაც“ გამოაქვეყნა და ის რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფში გაავრცელა. ბრეგაძის ფეისბუქ პოსტის შინაარსი ეხმიანებოდა ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2020 წლის ანგარიშს, სადაც „ქართული მარში“ რუსული პროპაგანდის იარაღად, ექსტრემისტულ და აგრესიულ მოძრაობად არის მოხსენიებული.

        გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა

        პატრიოტთა ალიანსის ტყუილებით დაწყებული საარჩევნო კამპანია

        რამდენიმე დღის წინ "პატრიოტთა ალიანსმა" სკანდალური საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აჭარის რეგიონში განთავსებული მათი ბილბორდი, რომელიც "ლელო საქართველოსთვის" წევრებმა მოგვიანებით ჩამოხსნეს, ანტითურქულ გზავნილს ატარებდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ბანერზე მოცემულ საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი წითელი ფერით იყო აღნიშნული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "პატრიოტთა ალიანსი" მსგავსი ნარატივებით არჩევნების მოგებას ცდილობს. ისინი ანტითურქულ განწყობებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც აქტიურად ახალისებდნენ. ირმა ინაშვილმა უპასუხა ქართული საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების და პოლიტიკოსთა აღშფოთებას საეჭვო ბანერთან დაკავშირებით და მისი გამოჩენა ოპოზიციის ლიდერების მხრიდან პროვოკაციას დააბრალა. იგი აცხადებს, რომ პირს, რომელმაც ბანერი არასწორ ფერებში გააფერადა და შემდგომ შეუსაბამო ადგილას დაკიდა, სააკაშვილმა და ბოკერიამ 10 000 ლარი გადაუხადეს. ”ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს.”, - წერს ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ამის მიუხედავად, რეალობა სხვას გვიჩვენებს. ამ ბოლო დროს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “პატრიოტთა ალიანსმა” საქართველოს საზოგადოებაში პარტიის გაზეთის დარიგება დაიწყო, რომლის ცალკეული ნაწილიც ანტითურქულ პროპაგანდას ეთმობა. “პატრიოტთა ალიანსს” თურქეთის ამჟამინდელი ფარული ინტერესების დასამტკიცებლად სხვადასხვა ისტორიული ფაქტი მოჰყავს, რათა გამოააშკარაოს თურქეთის სახელმწიფოს ფარული "სურვილი", გაავრცელოს თავისი ტრადიციები და რელიგია საქართველოს მოსახლეობაზე. ამ მიზეზით, მათ მიაჩნიათ, რომ თურქეთის მთავრობა ფინანსურ დახმარებას უწევს ღარიბი ოჯახებიდან წამოსულ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომში თურქეთში რჩებიან ან უკან უცხო სულიერი ფასეულობებით ბრუნდებიან.

        გარდა ამისა, პარტია აქტიურად აქვეყნებს ანტითურქულ ვიდეოებს Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც თურქეთს შემდეგ ისტორიულ დანაშაულებში ამხელს: 53 –ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა, საქართველოს ისტორიული ქალაქების განადგურება, პრეტენზიები ბათუმზე, ახალციხესა და ოზურგეთზე, ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ხარკის სახით თურქეთში გადასახლება და სხვა. მათ მიერ გავრცელებულ ტყუილებს აქტიურად ეხმიანება ადგილობრივი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, რუსების მიერ პარტიის წინაშე დაკისრებული ერთ-ერთი ამოცანა ქართულ მოსახლეობაში ანტითურქული განწყობების დამკვიდრებას უკავშირდებოდა.

        სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები

        2 სექტემბერს სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა მე-2 ანგარიში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ. ანგარიშში გთავაზობთ აკადემიურ სფეროში, მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, და შესაბამისად ჩინეთის კომუნისტური პარტიის, პოლიტიკური გავლენების საკითხის კვლევას.

        დღეს ჩინეთის საქმიანობა საქართველოში პირდაპირი, ხილული და მყისიერი საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა რესპექტაბელური და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების, ევროკავშირის მრავლობითი ორგანიზაციების კვლევების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების იგნორირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მყარი საგარეო ორიენტირების მოშლისა და ქვეყნის განვითარების და გრძელვადიანი წარმატების შესახებ ბუნდოვანი ხედვის თაობაზე.

        სამოქალაქო იდეა მადლობას უხდის დონორებს და ბატონ მარტინ ჰალას, გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის.

        გამოწერა

        ეს საინფორმაციო ბიულეტენი არის პროექტის "ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება მტრული საგარეო ზეგავლენის წინააღმდეგ" ნაწილი. პროექტი ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის EMERGING DONORS CHALLENGE PROGRAM-ის მიერ.

        facebook twitter
        European Values Center for Security Policy
        info@europeanvalues.net
        Unsubscribe