დღეს პოლიციამ ცესკოს შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამდნენ ცესკოს წინ აღმართულ რკინის ჯებირს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს-ში გაკეთებულ ბრიფინგზე გაზის გამოყენების ფაქტი უარყვეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხალხს დაშლისკენ და ხვალინდელი აქციისთვის მომზადებისაკენ მოუწოდეს.
პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით ამჟამად დაშლა და დასვენება საჭიროა, რათა ბრძოლა გაგრძელდეს.
“ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით სიტუაციის დაწყნარებას, ხალხის გამორიდებას. ისინი დაუნდობლები არიან და ყველაფერს იზამენ, რომ დაიცვან თამარ ჟვანია და ნაქურდალი ხმები, ეს დავინახეთ. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს. გვინდა რომ მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი. ნახეთ, რომ გამოვარდნენ ეს სპეცრაზემელები. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ვზიანდებით, გვინდა ყველას მოვუწოდოთ, რომ ეს პერიმეტრი იქნებ გავანთავისუფლოთ. ჩვენ გვინდა რომ პროტესტი ისევ დაბრუნდეს,” – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე თუ რას ნიშნავდა პერიმეტრის გათავისუფლება, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ბრძოლა გრძელდება ხვალინდელ აქციაზე.
“ეს არის კლასიკური მაგალითი, უზურპატორი როგორ იქცევა. ხვალ რუსთაველზე 6 საათზე, მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ და არა ოპოზიცია, მთელი ერი. ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვთქვით, ეს შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი, ერთ კვირიანი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება,”- განაცხადა ნიკა მელიამ.