ახალი ამბები

ვიშლებით, რათა ხვალინდელ აქციაზე ბრძოლა გავაგრძელოთ – ოპოზიციის ლიდერები

9 ნოემბერი, 2020 • 983
ვიშლებით, რათა ხვალინდელ აქციაზე ბრძოლა გავაგრძელოთ – ოპოზიციის ლიდერები

საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხალხს დაშლისკენ და ხვალინდელი აქციისთვის მომზადებისაკენ მოუწოდეს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით ამჟამად დაშლა და დასვენება საჭიროა, რათა ბრძოლა გაგრძელდეს.

“ყველას ვაჩვენებთ, რომ ვაჟკაცობაც გვაქვს და შეუპოვრობაც, და ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გვიყვარს და იმათგან განსხვავებით, ერთმანეთზეც ვზრუნავთ. ჩვენ ახლა რომ არ დავიშალოთ ხვალ ვერცერთი ვერ ვიქნებით საბრძოლოდ, არადა ახლა ყველა მებრძოლია საჭირო. მშვიდად, წყნარად ორგანიზებულად წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ რუსთაველზე 6 საათზე ვაჩვენოთ, რომ ამათი არავის ეშინიათ,” – მიმართა აქციის მონაწილეებს ალეკო ელისაშვილმა.
ნიკა მელიას განცხადებით, ბრძოლა გრძელდება და ის რუსთაველზე გადაინაცვლებს.
“ეს ბრძოლა არ შეჩერდება, არ შენელდება და ხვალ რუსთაველის გამზირზე 6 საათზე ვიკრიბებით ერი.” – განაცხადა ნიკა მელიამ.
მანამდე მელიამ და ელისაშვილმა შეკრებილებს სპეცრაზმისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს.

“ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით სიტუაციის დაწყნარებას, ხალხის გამორიდებას. ისინი დაუნდობლები არიან და ყველაფერს იზამენ, რომ დაიცვან თამარ ჟვანია და ნაქურდალი ხმები, ეს დავინახეთ. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს. გვინდა რომ მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი. ნახეთ, რომ გამოვარდნენ ეს სპეცრაზემელები. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ვზიანდებით, გვინდა ყველას მოვუწოდოთ, რომ ეს პერიმეტრი იქნებ გავანთავისუფლოთ. ჩვენ გვინდა რომ პროტესტი ისევ დაბრუნდეს,” – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რას ნიშნავდა პერიმეტრის გათავისუფლება, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ბრძოლა გრძელდება ხვალინდელ აქციაზე.

“ეს არის კლასიკური მაგალითი, უზურპატორი როგორ იქცევა. ხვალ რუსთაველზე 6 საათზე, მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ და არა ოპოზიცია, მთელი ერი. ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვთქვით, ეს შეიძლება იყოს ერთდღიანი, ორდღიანი, ერთ კვირიანი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს პოლიციამ ცესკოს შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამდნენ ცესკოს წინ აღმართულ რკინის ჯებირს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს-ში გაკეთებულ ბრიფინგზე გაზის გამოყენების ფაქტი უარყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი