logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა:სავარაუდოდ დაგვჭირდება საველე ჰოსპიტლები, კლინიკებში ადგილი აღარ არის

23 ნოე 202021:42
3 წუთის საკითხავი
clock 1974

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი ლია გოლიაძე აცხადებს, რომ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის.

როგორც გოლიაძემ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა აღნიშნა, მათი კლინიკა ჰიბრიდულია და მკურნალობს როგორც რიგით პაციენტებს, ისე კოვიდინფიცირებულებს.

გოლიაძე ამბობს, რომ ხშირად მათ პაციენტების მიღებაზე უარის თქმა უწევთ, რაც ადგილების არარსებობას უკავშირდება.

"სამწუხაროდ ჩვენთან თავისუფალი ადგილები არ არის. ჩვენ ვართ ჰიბრიდული კლინიკა, რომელიც იღებს როგორც კოვიდინფიცირებულებს, ისე სხვა პაციენტებსაც...ადგილი კლინიკაში პრაქტიკულად აღარ არის. მიმღებში გველოდება პაციენტი, რომელსაც დადასტურებული აქვს კოვიდი, ერთს გავწერთ, მის ადგილს მეორე პაციენტი იკავებს. რეანიმაციული განყოფილება ძალიან გადატვირთულია და პრაქტიკულად ადგილი აღარ არის. ვისი მკურნალობაც შეიძლება სახლში იმათ ვამოწმებთ და სახლში ვუშვებთ, ხოლო ვისაც სტაციონარი სჭირდება, იმათ ვტოვებთ სამკურნალოდ...", - აცხადებს გოლიაძე. 

რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, გოლიაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საველე ჰოსპიტლები საჭიროა. გოლიაძე საველე ჰოსპიტლების აუცილებლობას ქვეყანაში ვირუსის დიდი გავრცელებითა და ადგილების ნაკლებობით ხსნის. 

"სავარაუდოდ დაგვჭირდება საველე ჰოსპიტლები, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავრცელება გვაქვს. პრაქტიკულად კლინიკებში ადგილები აღარ არის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ექიმებიც, ყოველდღე ვისმენთ ცუდ ისტორიებს, ვხვდებით, რომ პაციენტი მძიმეა და მის შველას და კლინიკაში მოყვანას ვერ ვახორციელებთ, რადგან ადგილები არ არის. ჟანგბადის წნევაც არ არის საკმარისი...", - განაცხადა ლია გოლიაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება. ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი რესურსია, რათა პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 531

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. მას შემდეგ საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 108 690 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 89 170, ხოლო გარდაიცვალა - 1 012.  


close დახურვა