პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცება აშკარად ანექსიური პოლიტიკაა

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიად აფასებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ახლა, კიდევ მეტად ხდება რუსეთის მიერ აფხაზეთის მართვა.

„აქ ბევრი საკითხია, მაგრამ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უძრავი ქონების საკუთრება. ამ მიმართულებით, რუსეთს უნდა, რომ რაც შეიძლება რუსეთის მეტ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება შეიძინოს ან აღადგინოს თავისი საკუთრება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომ, ეს არის აშკარად ანექსიური პოლიტიკაა, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, რადგან საქართველოს წინააღმდეგ მას სხვა რესურსები გააჩნია, ეს არის აფხაზეთის დასამორჩილებლად და მისათვისებლად. რუსეთი აფხაზეთს აღიქვამს, როგორც ცალკე სახელმწიფოს და საქართველოსთან კამათში აღარ იყენებს, ანუ აღარ ადარდებს და საქართველოს აფხაზეთი ჩამოაშორა. შესაბამისად, აფხაზეთთან ცალკე მუშაობს და სხვა მიმართულებებით ცალკე აშანტაჟებს საქართველოს. ამ ფონზე, ეს არის წმინდა წყლის ანექსიური პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა საფრთხეს ქმნის კავკასიაში, იმიტომ, რომ რუსეთი ახდენს ექსპანსიურ პოლიტიკას იმ ფონზე, როცა აშკარა წარუმატებლობა ჰქონდა აზერბაიჯანის მიმართულებით და იქ პოზიციები თურქეთმა გაიძლიერა. ახლა რუსეთი ცდილობს,რომ აქეთ გაიმყაროს პოზიციები, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ახლა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე უნდა ილაპარაკოს, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული პროგრამით აფხაზეთის ანექსიას ახდენს.

„ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც გააჩნია საქართველოს და უარყოფს, ეს არის პირდაპირი კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, რასაც ისინი მოითხოვდნენ, როდესაც ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო მმართველი გახდა. არამხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტმა არამედ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ანქვაბმა და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა შამბამ არაერთხელ თქვეს, რომ მათ სურთ ქართულ მხარესთან დიალოგი და პირდაპირ სასაცილოა, რომ ქართული მხარე არანაირ კონტაქტზე არ გადის. მეტიც, იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი უსუსურობა და არაკვალიფიციურობა, ამბობს, რომ ეს რუსული პროექტიაო. ეს არის აბსურდული არგუმენტი. როდესაც აფხაზები ცდილობენ საქართველოსთან იპოვონ საერთო ენა და რაღაცნაირად მაინც გადაირჩინონ თავი, ამაში ხედავენ რუსულ პროექტს, ეს უგუნურობა და კატასტროფაა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ უნდა ვიპოვოთ საერთო ენა და დაველაპარაკოთ აფხაზურ მხარეს. საქართველოში არის ხალხი, რომლებსაც პირდაპირ შეუძლიათ საუბარი აფხაზურ მხარესთან. უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რითაც დავიცავთ აფხაზეთს რუსეთის ანექსიისგან. რაც შეიძლება მეტი ორმხრივი პოლიტიკა უნდა გვქონდეს ჩვენ აფხაზურ მხარესთან, იმისთვის, რომ მივაბათ საქართველოს, ქართულ ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე გაუაზრებელია კითხვა,რომელიც ხშირად ისმის, წამოვა თუ არა აფხაზური მხარე ამ შეთავაზებებზე.

„უნდა გადავდგათ ნაბიჯები. თუ არ წამოვლენ, სხვა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. არც იმაზე წამოვლენ?! მეასე და მეათასე ნაბიჯი უნდა გადავდათ. სულ უნდა ვმოქმედებდეთ და არ უნდა ვიყოთ ლუარსაბ თათქარიძესავით ტახტზე წამოწოლილები და ვიფიქროთ, წამოვლენ თუ არ წამოვლენ. კეთილი ვინებოთ და ვიმოქმედოთ“, - განაცხადა პაატა ზარაეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო