მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 ნოემბერს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ლუგარის ლაბორატორია განიხილეს.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასაწყისში აბაშიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკაც.

"სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვაც. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია", — ვკითხულობთ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, საუბარი შეეხო "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ: 2011 წლის შეთანხმებასაც. იქ აღინიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში იყო ნელი პროგრესი და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შეთანხმების იმპლემენტაციას.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ლუგარის ლაბორატორიაც. მათი განცხადებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ცენტრი შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად.

"ასევე ითქვა, რომ რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პრაღის ფორმატში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2012 წელს შეიქმნა.