ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, აღნიშნულ რეგიონებთან ფაქტობრივად შეწყვეტილია მიმოსვლა.

„განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. ამ საკითხებზე უფრო დეტალური საუბარი გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის აღნიშნულ პერიოდში გარკვეულწილად შემცირდა, რაც პანდემიითაა გამოწვეული. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

„საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში იყო ნელი პროგრესი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას. რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია. ასევე ითქვა, რომ რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით. პრაღის ფორმატში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა