Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომი: სტრასბურგის ვერდიქტით ჰააგაში?


საქართველოში გაჩაღდა დისკუსია, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას მეტი წარმატების მისაღწევად გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოში 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილება. ამ დისკუსიის შემადგენელია ის ფაქტი, რომ დიდმა პალატამ რუსეთის იურისდიქცია მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ პერიოდზე დაადგინა და არ გაავრცელა აქტიური ბრძოლების (8-12 აგვისტო) პერიოდზე. გზების ძიებას გაეროს ეგიდით მოქმედ ორ სასამართლომდე მივყავართ: ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპული სასამართლოს ვერდიქტს საქართველო უკეთ გამოიყენებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), სადაც გამოძიება უკვე 5 წელია მიმდინარეობს; ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელი იქნება პროცესის გაგრძელება ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ). შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა. პასუხად მხოლოდ მოკლე, ზოგადი კომენტარი მივიღეთ.

რუსეთის იურისდიქცია - სადავო თემა

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, შეიარაღებული კონფლიქტის ცხელ ფაზაში შეუძლებელი იყო იმის დადგინა, თუ რომელი მხარის კონტროლქვეშ იყო საომარ მოქმედებათა ეპიცენტრი და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი მხარის გამოვლენა 8-12 აგვისტოს პერიოდში.

მოყვანილია სხვა არგუმენტებიც და, მაგალითად, დაზარალებულთა განცხადებებისა და სადავო ინციდენტების დიდ ოდენობასთან კავშირში.

გადაწყვეტილება, რომელიც ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 6-ის წინააღმდეგ 11 ხმით დაამტკიცა, დავის საგნად იქცა და რუსეთის კმაყოფილებაც გამოიწვია.

ქართული მხარე ამ საქმით უშედეგოდ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია შესაძლებელია გამოიყენო არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც, რაც ფაქტობრივად ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს... ევროპულმა სასამართლომ ვერ დაადგინა რუსეთის სამხედროების მიერ სამოქალაქო პირების უფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე, ანა იუდკივსკა სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლოგიკას „ძირს უთხრის“ სწორედ საერთაშორისო საომარ მოქმედებებში ჩართულ სახელმწიფოთა სამოქალაქო პირებზე იურისდიქციის გავრცელების უარყოფა.

ანა იუდკივსკას განცხადებაში არაერთი არგუმენტი მოჰყავს და ასევე წერს, რომ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთის იურისდიქციის უარყოფას არ იზიარებს კიდევ ორი მოსამართლე და მათ შორის ერთი, ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურიაა.

საქართველოს მაგალითი წინასწარ წარმოდგენას უქმნის უკრაინასაც, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს სტრასბურგის სასამართლოში ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი. დიდმა პალატამ ეს საქმე წარმოებაში 2021 წლის 14 იანვარს მიიღო. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იტყობინება, უკრაინელ იურისტებს საქართველოს მაგალითმა აჩვენა, რომ „ადვილი ამოცანა არ არის - ერთი შეხედვით აშკარა ფაქტებისა და გარემოებების დამტკიცება“.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის კონტროლი ყირიმზე 2014 წლის 27 თებერვლიდან დაადგინა. მაშინ, როცა კიევი 2014 წლის 20 თებერვლიდან ადასტურებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ადგილზე ყოფნას.

საქართველოში ბევრს სწყდება გული, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე 8-12 აგვისტოს პერიოდში.

სწორედ ამიტომაც, რუსეთისთვის მეტი პასუხის მოთხოვნის იმედები ჰააგის სასამართლოებს უკავშირდება.

ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოსკენ?

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საქმის შეწყვეტიდან 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე განაახლოს რუსეთის წინააღმდეგ დავა ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სერგი კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია ქართულმა მხარემ ჰააგაში განხილვის პროცესის განახლებისთვის აუცილებელ „ახალ გარემოებად“ გამოიყენოს. თუმცა მას ეეჭვება, რომ ამისთვის მზად იყოს საქართველო.

„დრო არის ძალიან ბევრი დაკარგული და როგორ გამოვა, არ ვიცი... მაგრამ მიზანი იყო თითქოს ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა შეგვეტანა სარჩელი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, სადაც სარჩელი თავის დროზე შეტანილი გვქონდა 2008 წელს... მაგრამ სასამართლომ 2011 წელს საქმის არსებით განხილვაში მიღებაზე უარი თქვა. სასამართლომ თქვა, რომ ჯერ უნდა ამოგვეწურა სადავო საკითხებზე რუსეთთან დიალოგის ფორმატი იმ კონვენციის ფარგლებში, რომლის დარღვევასაც ვუჩიოდით. მთავარი თემა იყო დევნილების დაბრუნება, ეთნიკური წმენდის აღმოფხვრა.

ახლა, როცა გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე - დევნილების დაბრუნების, სიცოცხლის მოსპობისა და სხვა საკითხებზე, არის ოკუპანტი და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს - ამ ყველაფერზე დაყრდნობით ახალი შესაძლებლობები ჩნდება ჰააგის სასამართლოში...

მაგრამ საფრთხე ის არის, რომ მექანიზმი, რის გამოც ერთხელ არსებით განხილვაზე უარი გვითხრეს, საქართველოს ამოწურული არც ახლა აქვს. არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას ამ მხრივ ამ ბოლო წლებში“, - გვეუბნება სერგი კაპანაძე.

  • საქართველოს მთავრობამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა.
  • საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დავა წამოიწყო შესაბამისად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციისა – რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD).

„ფაქტჩეკერის“ თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ჰააგის სასამართლოში პროცესის განახლების პერსპექტივას საგარეო საქმეთა სამინისტრო უკავშირებდა.

იუსტიციის ახალმა მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ძალისხმევა, სტრასბურგის გარდა, ჰააგის სასამართლოსკენაც არის მიმართული.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, აქვს თუ არა გეგმები იუსტიციის სამინისტროს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთან მიმართებითაც და შესაძლებელია თუ არა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სასარგებლოდ გამოყენება ამ მიმართულებითაც. ჩვენს არაერთ შეკითხვას უწყებამ მოკლე და ზოგადი წერილობითი განცხადებით უპასუხა:

„2011 წლის პირველ აპრილს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს სარჩელი არ მიიღო წარმოებაში არსებითი განხილვისათვის, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ამოწურული არ იყო „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაერო-ს 1965 წლის კონვენციით დავების მოგვარებისთვის გათვალისწინებული სასამართლომდელი მექანიზმები.

ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ ფორმატში. აღნიშნულის თაობაზე საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული“, - წერია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო.

შესაბამისად, კვლავ უცნობია - რა გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისთვის, რომ ასამართლომდელი მექანიზმები“ ამოწურულიყო და კონკრეტულად რა შედეგებს მივაღწიეთ ამ მიმართულებით.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი, სოფო ასათიანი, რომელიც 2011 წელს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მართლმსაჯულების სასამართლომ საქართველოს დაუტოვა საქმის განახლების 10-წლიანი ვადა და თუ ეს დავა განახლდება, ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. თუმცა აგვისტოს ომის ცხელ ფაზას ვერც ეს პროცესი შეეხება.

„სასამართლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ომის სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის შეფასებაში ლიმიტირებულია და უშუალოდ ომის მოვლენებს ვერ დაფარავს.

სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციას არა აქვს აღიარებული მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია ჰუმანიტარული სამართლის კონვენციებიდან გამომდინარე და ამიტომ სასამართლო ვერ განიხილავს ამ მიმართულებით არსებულ დავებს“, - გვეუბნება ასათიანი.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსკენ?

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) გამოძიება უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების უფლება 2016 წლის იანვარში მოიპოვა. გამოძიების პროცესი მოიცავს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს.

  • ICC-ის მიზანია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება. ეს შეიძლება იყოს ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტა, ტყვეების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების წამება და არაადამიანური მოპყრობა და სხვა.
  • ICC-ის გამოძიების შედეგად პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა დანაშაულში მხილებულ სახელმწიფოებს, არამედ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მწვავე საბრძოლო მოქმედებების ფაზაში ან შემდეგ ჩაიდინეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

გამოძიების მოსამზადებელ ეტაპზე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოდან გაიგზავნა შეფასებები ომის შედეგად დაზარალებული 7 ათასამდე ადამიანის სახელით. ცნობილია, რომ დაზარალებულთა ასაკი 9-დან 90 წლამდეა და მათი უმრავლესობა ქალია. მასალების თავმოყრისა და ჰააგაში გაგზავნის პროცესში დიდი როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობდა ბევრი ისეთი დაზარალებული, რომელიც რუსეთის ბრალეულობის დასადასტურებლად სტრასბურგის სასამართლოს პროცესებშიც იყო ჩართული.

ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლები საქმეს დამოუკიდებლად და გასაიდუმლოებული წესით იძიებენ - საზოგადოებამ არასოდეს იცის, თუ როდის ჩამოდიან და ვის ხვდებიან ისინი საქართველოში. მიმდინარე გამოძიების პროცესი შეეხება რუსეთს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორის, სოფო ასათიანის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება საქართველოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უფრო ეფექტიანად შეუძლია, ვიდრე ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში.

„მართალია, სისხლის სამართლის სასამართლო არა სახელმწიფოების, არამედ ინდივიდების ბრალეულობას იძიებს; მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გამოვლინდა ადამიანის უფლებების დარღვევის განგრძობითი, ადმინისტრაციული პრაქტიკა... ასევე, ეთნიკური წმენდის ჭრილში, სასამართლო პირდაპირ წერს, რომ ეთნიკურად ქართველი დევნილების დაბრუნებას რუსეთი უშლის ხელს და მოხდა წამება, არაადამიანური მოპყრობა და მკვლელობა...

ყველა ეს ფაქტი (ჰააგის ტრიბუნალის) პროკურორს შეუძლია გამოიყენოს მტკიცებულებად. რუსეთი ცდილობს, სისხლის სამართლის სასამართლო დააჯეროს, რომ რუსი სამხედროები და ოფიციალური პირები არაფერ შუაში არ არიან. სტრასბურგმა კი დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებში. ჰააგის სასამართლოს შეუძლია, რომ ამასაც მიაქციოს ყურადღება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოფო ასათიანი.

საწინააღმდეგო პოზიციაზეა „საერთაშორისო სამართლიანობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა ჯეირანაშვილი, რომელიც დიდწილად ჰააგაში ცხოვრობს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგად იცნობს ჰააგის ტრიბუნალში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ჯეირანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მიმდინარე საგამოძიებო პროცესების იურიდიულ ნაწილში არ გამოადგება, რადგან ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო კონკრეტულ პირთა დანაშაულებებს იძიებს და რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი მტკიცებულებად არ გამოდგება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG