ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘მე მივდივარ პოლიტიკიდან და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ’

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კვირას ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ყრილობაზე ბოლოჯერ გამოვიდა სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარის რანგში, განაცხადა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ რჩება "აქტიურ მოქალაქედ“ მთავრობაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით.

პარტიამ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც ივანიშვილმა 2 წლის წინ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დააფუძნა, 24 ნოემბერს თბილისში გამართულ ყრილობაზე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის თავმჯდომარედ აირჩია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარტიის გენერალური მდივანი გახდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი მისი პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდანვე მის გვერდით იდგა და უკან მაშინაც კი არ დაუხევია, როდესაც მისი სიმამრი დააკავეს მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. 

„ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას“, – განაცხადა მან.

ქართული ოცნების ახალ გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ის გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში, გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით“. 

„ასე რომ პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო არ უნდა იქცეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილ პარტიად“, – განაცხადა მან, „მე ვისურვებდი, რომ ჩვენი პარტია ნამდვილად იყოს იდეოლოგიითა და ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანების ერთობა“. 

თავის გამოსვლაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ორი წლის წინ მან ხელისუფლებაში მოიყვანა „დემოკრატიული ძალები“ და ჩამოაყალიბა „საუკეთესო გუნდი“.

„მე შევასრულე დანაპირები – საქართველო თავისუფალია მოძალადე რეჟიმისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისგან, საქართველოს ყავს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ყველას ინტერესების დამცველი, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება; საქართველოს ყავს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ–ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია; საქართველოს ყავს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას“, – განაცხადა მან.

„ეს იყო ჩემი ამოცანა და მე  ეს ამოცანა შევასრულე. ამიტომ დავტოვე პრემიერ–მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც მივდივარ… მე მივდივარ პოლიტიკიდან და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ“, – განაცხადა მან.

„მე გაძლევთ სიტყვას, რომ სულ ცოტა ოცი წელი მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი სამშობლოს ფეხზე დაყენებას.  მხარს დავუჭერ ყველა ხელისუფლებას, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იგი არავის დაამადლის რჩევას და არც კრიტიკას დაიშურებს საჭიროების შემთხვევაში.

„მე თქვენთან ერთად არ დავიღლები ხელისუფლებაში მყოფი პირისთვის იმის შეხსენებით, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით, რომ კანონები მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად გვჭირდება და არა მეტი მეტი შეზღუდვებისთვის“, – განაცხადა მან.

„მე ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ჩვენ პროგრესულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. როცა საზოგადოება პროგრესულია, მხოლოდ მაშინ არის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის ჩემი ქართული ოცნება. ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული ქვეყნის პროგრესული საზოგადოება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ყრილობის შემდეგ ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას ორი ან სამი თვე სჭირდება იმის დეტალურად მოსაფიქრებლად, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს.

მან ასევე განაცხადა ყრილობაზე გამოსვლისას: „ერთ წელიწადში ჩვენ საოცრება მოვახდინეთ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ევროპული ღირებულებების ერთგული ხალხი ვართ“.

„ამ ერთ წელიწადში ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ ნაციონალების წავსლით ეს ქვეყანა ზურგს აქცევდა ევროპას, დაინგრეოდა და დასამარდებოდა დემოკრატია. ყველა, ჩვენთანაც და დასავლეთშიც, კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი; რომ დემოკრატია ამ ცხრა წლის განმავლობაში იყო მოჩვენებითი და დემოკრატიის მიღწევებზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას ემსახურებოდა“, – განაცხადა მან.

„27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებით ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ავტორიტარულ სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებულ რეჟიმს“, – დასძინა ივანიშვილმა.

ყრილობაზე პარტიამ პოლიტიკური საბჭო 21–დან 13 წევრამდე შეამცირა. მასში შედიან პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი; ასევე კახა კალაძე; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი; დეპუტატი გიორგი ვოლსკი; დეპუტატი მანანა კობახიძე; დეპუტატი ეკა ბესელია; დეპუტატი თამაზ ავდალიანი; ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე; დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი; დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი; დეპუტატი თემურ ჭკუასელი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button