ახალი ამბები

გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს დილით თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებას წინ მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება უძღვოდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან… მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების, ყველა რისკის განვითარების“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია „გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ“, მისმა დაკავებამ შესაძლოა „რისკი შეუქმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობა შექმნას“.

გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, არ ეთანხმება არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. კრიზისის დასაძლევად უცხოელი დიპლომატების ფასილიტატორობით მიმდინარე მოლაპარაკებები დეკემბრის შემდეგ შეჩერებულია.

ახლა პარლამენტმა ორი კვირის ვადაში ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დასამტკიცებლად 150-წევრიანი პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ქართულ ოცნებას ამჟამად 90 დეპუტატი ჰყავს. თუ პარლამენტი ოთხი კვირის ვადაში ვერ შეძლებს ახალი მთავრობის დამტკიცებას, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთი კვირის ვადაში ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

მანამდე, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს.

პრემიერის გადადგომიდან მალევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მმართველ გუნდს „მოლაპარაკებების მაგიდასთან“ დაბრუნებისა და ახალი არჩევნების ჩატარების საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

გიორგი გახარია, რომელიც 2017 წლიდან შს მინისტრი იყო, პრემიერის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.

თანამდებობაზე მის დანიშვნას პოლიციის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალის გამოყენებით დაშლა უძღვოდა. აქციის დაშლას მომდევნო სამი თვის განმავლობაში პარლამენტთან გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

უფრო ადრე, 2018 წლის 12 მაისს გახარიას შს მინისტრობის დროს ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გასაღების ფაქტების გამოსავლენად კლუბებში ბასიანი და გალერი საპოლიციო რეიდები მოეწყო, რასაც მრავალრიცხოვანი პროტესტი მოჰყვა. პროტესტი მას შემდეგ შეწყდა, რაც მომხდარის გამოძიებისა და ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პირობა დადო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, გახარიას მიმართ საზოგადოების მოწონების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2020 წლის დეკემბრის შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრი საქმიანობას დადებითად გამოკითხულების 46% აფასებდა (2019 წლის ნოემბერი – 21%), ცუდად კი – მხოლოდ 17%.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button