თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის დელიმიტაცია-დემარკაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ღალატი ჩაიდინა, ვინც 2006-2007 წლებში საზღვრის თემაზე მუშაობდა და ისინი "კოლექტიური სააკაშვილები არიან". ამის შესახებ ღარიბაშვილმა TV IMEDI-ს ეთერში ისაუბრა.

"მათ გარკვეულ მონაკვეთზე გამოიყენეს 70-იან წლებში გამოშვებული რუკები, გარკვეულ მონაკვეთზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები. ბაბაქი არის მთა, რომელიც ჩვენს სარგებლობაში იყო და მიადგნენ ამ მწვერვალს 2006-2007 წელს. უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენეონ 1938 წლის 200 000-იანი რუკა. წარმოიდგინეთ, რა ხდება, ამ რუკის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობის ქვეშ მოექცა სტრატეგიული, სამხედრო დანიშნულების სიმაღლე. მოვიდნენ დავითგარეჯთან, ქედზე გამოატარეს პირდაპირ საზღვარი, არადა ქედის დაბლა უნდა გამოეტარებინათ, 500 მეტრით დაბლა", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყანისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასათავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

გაიგეთ მეტი: