აფხაზეთის “პრეზიდენტი” და “პრემიერი” მოსკოვში იმყოფებიან, “პარლამენტის” სპიკერი კი პრორუსული ოპოზიციის “ტყვეობაშია”

03-03-2021 20:28:59 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში გაფრინდა, ოფიციალური ინფორმაციით – “გეგმიური სამედიცინო გამოკვლევებისთვის”.

იმის გათვალისწინებით, რომ წინა დე ფაქტო პრეზდენტ რაულ ხაჯიმბას მხრდამჭერმა ყოფილმა ჩინოსნებმა 2 მარტიდან რევანში წამოიწყეს და ბჟანიას გუნდის გადადგომის მოთხოვნით მხარდამჭერებს მეორე დღეა, აფხაზური საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კრებენ, ნათელია, რომ “პრეზიდენტი” ამ ვითარებაში მოსკოვში “გამოკვლევებისთვის” არ წასულა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მოსკოვში რჩება დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბიც, რომელიც რუსეთში კორონავირუსული ინფექციის გართულების ფონზე თვეზე მეტი ხნის წინ გადააფრინეს.

ამგვარად, ამ დროისთვის ადგილზე პირველ პირთაგან მხოლოდ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე რჩება და ოპოზიციონერი ლიდერები, რომელთა უმრავლესობას კორუმპირებული პრორუსი ყოფილი მაღალჩინოსნები ქმნიან, მასზე ზეწოლას ახორციელებენ მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს დადგენილება “აფხაზეთის აღიარებამდე და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აკრძალვის თაობაზე”.

რევანშის წამოსაწყებად ოპოზიციონერებმა საბაბად ბჟანიას გუნდის ინიციატივა გამოიყენეს “საქართველოსთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბების” თაობაზე, რომელიც დე ფაქტო ხელსუფლებამ ცოტა ხნის წინ “აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშიც” დააფიქსირა.

“ბოლო წვეთად” კი, პრორუს ოპოზიციონერთა მტკიცებით, იქცა ბჟანიას ყოფილი დე ფაქტო თანაშემწის – 19 თებერვალს თანამდებობიდან გადამდგარი ბენურ კვირაიას ვიზიტი სამეგრელოში – როგორც თავად ამბობს, “აფხაზეთში ინვესტიციების მისაზიდად”.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში იმყოფება დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეც, რომელიც დღეს რუსეთის პირველ დიპლომატ სერგეი ლავროვს შეხვდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები