ვემსახურები რუსეთს! - კორუმპირებულმა პრორუსულმა აფხაზურმა ოპოზიციამ რევანში წამოიწყო

02-03-2021 16:02:22 კონფლიქტები

აფხაზურმა ოპოზიციამ, რომლის უდიდეს ნაწილს ყოფილი კორუმპირებული “ჩინოსნები” და მათი მხარდამჭერები წარმოადგენენ, მოსკოვის დახმარებით მომზადებული, დიდი ხნის ნანატრი რევანში წამოიწყო. საბაბად გამოყონებულ იქნა ფეიქ-ინფორმაცია “საქართველოში, ქართულ მხარესთან მოსალაპარაკებლად პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწის ვიზიტის” თაობაზე.

ოპოზიციის მტკიცებით, “პრეზიდენტის თანაშემწე” ბენურ კვირაია ორი პირის თანხლებით 25 თებერვალს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე "პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ იმ მოლაპარაკებების გასამართად გადავიდა, რომლის აუცილებელობაზეც ბოლო პერიოდში ასლან ბჟანიას გუნდი სისტემატიურად საუბრობს".

როგორც ოპოზიციური “სახალხო მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული, ეს ვიზიტი “პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დავალებითა და უშიშროების სამსახურთან შეთანხმებით” განხორციელდა.

«სოცქსელში კი გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ბატონი კვირაია მდიდარი სუფრის ფონზე იმასაც კი ამბობს, რომ მზადაა, აფხაზეთში მისი მეგობრის – აფხაზი ხალხის წინააღმდეგ მებრძოლის სახელობის პარკი დააარსოს. ამასთან, იგი გრძელ სადღეგრძელოს უძღვნის ქართველ ხალხთან "ერთობლივ ისტორიას", "ძმობას" და იმას, რომ "ნეგატივი წარსულში უნდა დავტოვოთ და თანამშრომლობაზე ვიფიქროთ". ბ-ნ კვირაიას შეუძლია, ვინც უნდა, ის უყვარდეს, მაგრამ მის მიერ ნახსენები მეგობარი – დავით კვარაცხელია ომის დროს არა პირადად მის, არამედ მთელი აფხაზი ხალზის წინააღმდეგ იბრძოდა და ჩვენი მტერია. სხვა შეფასება აქ ვერ გაკეთდება და მით უფრო ვერ იქნება მსგავსი ადამიანი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე” – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

თუმცა რეალურად, ბენურ კვირაია 2021 წლის 19 თებერვლიდან “პრეზიდენტის თანაშემწე” აღარაა და შესაბამისად, რომც განეხორციელებინა ვიზიტი (როგორც ადრეც არაერთხელ ჩამოსულა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის – იმ რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდშიც, რომელსაც ამჟამინდელი ოპოზიცია უმაგრებს ზურგს) და ვინმესთან რაიმე მოლაპარაკებები ეწარმოებინა (რაც დადასტურებული ამ დრომდე არაა), ამას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სახელით ვერ გააკეთებდა – მაქსიმუმ, პირადად მისი სახელით გაეკეთებინა.

სწორედ ეს თქვა თავად კვირაიამ მოგვიანებით აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარშიც - რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე “პრეზიდენტ” ბჟანიას დავალებით არ წამოსულა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა აფხაზეთში ინვესტიციების მიზიდვა და რომ ამასთან დაკავშირებით იგი რუს მეგობარ ბიზნესმენს უნდა შეჰხვედროდა: “მე ვიყავი ასლან ბჟანიასთან 18 თებერვალს და ვთხოვე, მისგან წავსულიყავი, მაგრამ უარი განმიცხადა და თქვა, რომ სანამ მისი თანაშემწე ვიყავი, საქართველოში არ წავიდოდი. 19 თებერვალს ჩემი მოწმობა ჩავაბარე და საქართველოში წავედი. ეს იყო ჩემი პირადი, კერძო ვიზიტი, რათა ჩვენს სამშობლოში დიდი ინვესტიციები მოვიზიდო. მინდა, ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა, ჩამოვიტანო აფხაზეთში დიდი ფული, რომ ჩვენმა ხალხმა ამოისუნთქოს და საკადრისად იცხოვროს და არა ისე, როგორც ახლა, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საკადრისი განათლება, ხოლო პედაგოგებს – ნორმალური ხელფასი, რომ ჩვენს სახლში წესრიგმა დაისაგუროს… მე ამისთვის ვიბრძოდი თავის დროზე, ამისთვის ვიღწვი ახლაც, ამისთვის დავდიოდი საქართველოში და ვივლი კიდევ”.

მან ასევე განმარტა, რომ «ხელმძღვანელობდა შპს «სქურჩას» - თავისუფალ ეკონომიკური ზონას, თავად თეზ-ის იდეოლოგია კი ითვალისწინებს იმას, რომ აქ უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი". "სწორედ ამ მიზნით წავედი საქართველოში და წავალ მომავალშიც” – დასძინა კვირაიამ.

რაც შეეხება პრორუსული ოპოზიციის ბრალდებებს, კვირაიამ სკანდალის ამგორებელ პარტიებს რამდენიმე კითხვით მიმართა. "1989 წლიდან აფხაზურ “განმათავისუფლებელ მოძრაობაში” ვიყავი, ვმონაწილეობდი ყველა ოპერაციაში, ომის დასრულების შემდეგ კი ყველაფერს ვაკეთებ სამშობლოს კეთილდღეობის მისაღწევად. ყველას, ვინც ცდილობს, რაღაც ფორმით წარმომაჩინოს, ვეპატიჟები აქ: ჩამოვიდნენ და ამიხსნან, რომ არ იციან, რას ვცდილობ და რას ვაკეთებ, როგორ იყენებენ ჩემს მიმართ მსგავს რიტორიკას? მინდა, იმ პარტიებს, რომლებმაც ხმაური ატეხეს, ისიც ვკითხო, გააჩნიათ კი რაიმე პროგრამა, რომელიც აფხაზურ ეკონომიკას გააჯანსაღებდა, ან სოციალური პროგრამა ჩვენი ბავშვებისთვის, ქალებისთვის? თუ უბრალოდ უნდათ, მუდმივად რუსეთის დოტაციებზე ვიმყოფებოდეთ?! ანდაც რა, მე ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩამოვიდა? აფხაზეთიდან საქართველოში გასულ წელს 5000-მდე მოქალაქე იყო ჩამოსული, იქ ჩვენი მოქალაქეები მკურნალობენ!” - აღნიშნა მან და დასძინა, რომ არანაირი პარტიის ან მოძრაობის წევრი არაა და არ თვლის თავს ვალდებულად, თავისი ქმედებები რომელიმე პარტიას შეუთანხმოს.

ინფორმაციისთვის:

    • ბენურ კვირაია (აფხაზეთში აკუნის სახელით იცნობენ) “აფხაზი ხალხის სამამულო ომის” მონაწილეა. მრავალი წლის წინ იგი წარმატებულად დაკავდა ბიზნესით. «არამადნეული მასალების გაერთიანება», რომელსაც იგი დღემდე უდგას სათავეში, თავის დროზე ოლიმპიური სოჭის მშენებლობასაც კი ამარაგებდა.
    • აკუნ კვირაია ექს-“პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას გუნდის ყოფილი წევრია. ის ასპონსორებდა ხაჯიმბას თითოეულ წინასაარჩევნო კამპანიას და სწორედ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდში მიიღო მრავალმილიონიანი კრედიტი, რომლის წყალობით მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ბიზნესი. როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებაში ასლან ბჟანიას გუნდი მოვიდა, კვირაია ერთხანს დაელოდა, ხოლო შემდეგ ახალ “პრეზიდენტს” შეუერთდა და სანაცვლოდ მისი “თანაშემწის” წოდება მიიღო. თუმცა მისი ამ თანამდებობაზე დანიშნვის შესახებ აფხაზეთში ცოტამ თუ იცოდა.
    • როგორც ბიზნესმენი, კვირაია ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არაერთგზის ყოფილა რუსეთშიც, სხვა ქვეყნებშიც.
    • ხოლო სოცქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელზეც დღეს აფხაზური ოპოზიცია აპელირებს (კადრებში კვირაია მის ქართველ მეგობარს – 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს მხარეს მებრძოლ კვარაცხელიას ადღეგრძელებს), დიდი ხნის წინ, კერძოდ, გასულ წელს და არა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთში – სოფელ აძიუბჟაში (აფხაზური სახელწოდება – რედ.), კვირაიას სახლშია გადაღებული.

ასე, რომ არავითარი რეალური არგუმენტები ოპოზიციას არ გააჩნია. ხოლო ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას იგი, რაღა თქმა უნდა, არ უმხელს ხალხს, რომელიც დღეს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე გაიყვანა. მისი მიზანი ხომ ადამიანების საკუთარი რევანშისტული მიზნებისთვის გამოყენებაა!

აფხაზეთში ყველასათვის ცნობილია, რომ ოპოზიცია უკვე თვეზე მეტია, ცდილობს, მოიძიოს საბაბი ასლან ბჟანიას გუნდის დისკრედიტირებისა და ამის საფუძველზე მორიგი გადატრიალების განხორციელებისათვის. თითქმის მთელი ეს ე.წ. ოპოზიცია შედგება რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებისა და მისი “ხელისუფლების” ექს-ჩინოსნებისგან, ხაჯიმბა კი სწორედ ის “პატრიოტი” ექს-მმართველია, რომელმაც რუსეთთან აფხაზეთისთვის დამღუპველი არაერთი შეთანხმება გააფორმა.

“აქცენტის” მონაცემებით, ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლების მორიგ შეცვლას 11 მარტისთვის ამზადებდა. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულმა გარემოებებმა და სავარაუდოდ, მოსკოვიდან მორიგმა ბრძანებამ მოვლენები დააჩქარა. და აი, ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები უკვე “პარლამენტთან” არიან, რამდენიმე წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში “მოსალაპარაკებლადაა” შესული.

მოსახლეობაში კი შესაბამისი ფონის შესაქმნელად ოპოზიცია აი ასეთ განცხადებებს ავრცელებს: “წინასაარჩევნო კამპანიიდან დაწყებული, ბ-ნი ბჟანია თანმიმდევრულად ცდილობს საზოგადოებრივ ცნობიერებაში იმ აზრის დანერგვას, რომ ჩვენი ახალი გზა საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგია. და ეს იდეები პრაქტიკულ სიბრტყეში გადავიდა ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე. კულისებს მიღმა მოლაპარაკებები, აფხაზეთში ქართველი პოლიტიკოსების ანონიმური ვიზიტი პრეზიდენტ ბჟანიას სხვა თანაშემწის თანხლებით [იგულისხმება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლების გასული წლის ვიზიტი, რომელიც, როგორც მოგვიანებით რიგმა რუსმა ჩინოსნებმა თავადვე აღიარეს, მათ მიერ იყო ორგანიზებული - რედ.], უშიშროების საბჭოს მდივნის – სერგეი შამბას მრავალრიცხოვანი განცხადებები და ინტერვიუები, საგარეო პოლიტიკის სახელდახელოდ, ხალხის ზურგსუკან მიღებული კონცეფცია და მრავალი სხვა რამ - ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია. და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მიმართ სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას იყენებს, გვიწოდებს რა “ოკუპირებულ ტერიტორიას”. მიუხედავად ამისა, ასლან ბჟანია დაჟინებით და სისტემატიურად გასცემს მოწმობებს [გალის ქარ»თველობაზე - რედ.] და გარშემო იკრებს ხალხს, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში მის ხედვებს იზიარებს. აღარავითარი ეჭვი აღარ არსებობს, რომ ეს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალიატია. ვთვლით, რომ ბატონმა ბჟანიამ გადაკვეთა წითელი ხაზი, რაც ართმევს მას მორალურ უფლებას, ფლობდეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 53-ე მუხლში გაწერილ უფლებამოსილებებს, განსაკუთრებით – სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის ნაწილში»​.

ეს პირველი მსგავსი განცხადება არაა კორუმპირებული პრორუსი რევანშისტებისა, რომლებმაც ჯიბეები დე ფაქტო ხელისუფლებში ყოფნის დროს რუსეთიდან “აფხაზეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის” და “აფხაზი ხალხისთვის” გამოგზავნილი, რეალურად კი მხოლოდ მათ გამდიდრებაზე დახარჯული ფულით გაისქელეს. და ისევე, როგორც ადრინდელი “ქმნილებები”, ეს განცხადებაც გატენილია სიცრუით, ფაქტების დამახინჯებით და უბრალოდ სისულელით – ანუ რითიც გნებავთ, მაგრამ ვერც ერთ კონკრეტულ იდეასა თუ ინიციატივას აფხაზეთის უმძიმესი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თქვენ მასში ვერ იპოვით – ოპოზიციას ისინი უბრალოდ არ გააჩნია! მას გააჩნია მხოლოდ ფსევდოპატრიოტული ლოზინგები, სადეზინფორმაციო პროპაგანდა და უწინდელის მსგავსად, რუსეთის, ანუ იმ “მეგობრისა” და “სტრატეგიული პარტნიორის” მსახურის უნარი, რომელსაც გეგმაზომიერად მიჰყავდა აფხაზეთი ამჟამინდელ უმძიმეს მდგომარეობამდე (საკუთარ ფინანსურ ნემსზე შესმითა და ამჟამინდელი ოპოზიციონერების მსუყედ გამოკვებით, რათა მათ ადგილზე ზედმიწევნით ესრულებინათ კრემლის მითითებები და ყოველმხრივ დაჰხმარებოდნენ მოსკოვს აფხაზეთის საბოლოო შთანთქმის გეგმის განსახორციელებლლად ოპტიმალური პირობების შექმნაში).

რა თქმა უნდა, აფხაზეთისთვის ნებისმიერი სხვა პარტნიორის გამოჩენა – თბილისი იქნება ეს, ანკარა თუ ვინმე სხვა, კრემლის გეგმებში არ ეწერება – პირიქით. მას სურს, აფხაზეთის ერთპიროვნული “პატრონი” და მაკონტროლებელი იყოს. სწორედ ამიტომ ცდილობს კრემლი მთელი ბოლო თვეების განმავლობაში, სოხუმს მის მიერვე შეთხზული “კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე აფხაზეთ-რუსეთის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის” რატიფიცირება აიძულოს, - ასეთ შემთხვევაში ხომ ის აფხაზეთში როგორც მიწასა და სხვა უძრავ ქონებას, ისე სტრატეგიულ ობიექტებს უკვე “კანონიერ” საფუძველზე დაეპატრონება.

თუმცა აფხაზურ ოპოზიციას ეს რეალური და არა მის და კრემლის მიერ გამოგონილი საფრთხე რატომღაც სულ არ აღელვებს, რატომ – თავად მიხვდით… და თავად გადაწყვიტეთ, იქნება თუ არა რუსეთის მიერ რეალური ანექსიის საფრთხის წინაშე მყოფი აფხაზეთისთვის ხსნა “ხელისუფლებაში” იმ კორუმპირებული პრორუსი რევანშისტების დაბრუნება, რომლებიც დღეს სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ.

P.S. პრორუსული ოპოზიციის მოთხოვნით კვირაიას ვიზიტისა და "შექმნილი ვითარების" თემებს ხვალ აფხაზური "პარლამენტი" განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები