რუსეთს აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალა შეჰყავს

10-03-2021 14:45:58 კონფლიქტები

რუსეთს აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალა შეჰყავს. როგორც "აქცენტს" სოხუმიდან აცნობეს, ბოლო დღეების განმავლობაში, ღამის საათებში ფსოუზე დე ფაქტო საზღვარს რეგულარულად კვეთენ "ურალის" ტიპის სატვირთო ავტომობილები, რომლებშიც რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან.

"მორიგეობა სამ დღეში ერთხელ მიწევს. სამი დღის წინ, ჩემი მორიგეობისას, ღამის 03:00-დან 04:00 სთ-მდე შუალედში აფხაზეთში 22 ასეთი მანქანა შემოვიდა, წუხანდელი მორიგეობისას კი პირადად მე 20-მდე მოვითვალე. კიდევ რამდენმა გადმოკვეთა საზღვარი ჩემი მორიგეობის დასრულების შემდეგ - დანამდვილებით ვერ გეტყვით" - განუცხადა "აქცენტს" ერთ-ერთმა აფხაზმა "მებაჟემ".

საგულისხმოა ის გაფრთხილებაც, რომელიც დღეს 11 მარტისთვის დაგეგმილი ოპოზიციური მიტინგის გაშუქების მსურველმა აფხაზმა ჟურნალისტებმა მიიღეს: მათ ურჩიეს, "თავი აარიდონ მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას და აუცილებლად თან იქონიონ მედიის წარმომადგენლების განმასხვავებელი რაიმე ვიზუალური ნიშნები".

მესამე დღეა, დე ფაქტო შსს-ს წარმომადგენლები ქალაქში ლამის თითოეულ მანქანას აჩერებენ და ჩხრეკენ.

ცნობისთვის: აფხაზური ოპოზიციის რევანშისტულად განწყობილი ნაწილი - უმთავრესად წინა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას "ხელისუფლების" ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნები 11 მარტისთვის სოხუმში აქცია-მსვლელობის გამართვასა და, არაოფიციალური ინფორმაციით, გადატრიალების მოწყობას გეგმავენ. ოპოზიციის ამ რადიკალური ნაწილის "ძალოვანი ცენტრი" - "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი" ახრა ავიძბა ორიოდ დღის წინ მის რამდენიმე ყოფილ თანამებრძოლთან ერთად დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით იქნა დაკავებული. ავიძბას წინასწარი ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

რევანშისტულად განწყობილმა ოპოზიციამ მორიგი "რევოლუციის" მზადების მიზეზად ასლან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა გამოიყენა "საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და მრავალდონიანი დიალოგის ჩამოყალიბების" თაობაზე, რომელიც ამასწინათ დამტკიცებულ "საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშიც" აისახა. როგორც ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნები აცხადებენ, "ამ მოღალატეობრივი ინიციატივის რეალიზება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისად იქცევა". არადა, თავად უკვე წლებია, არალეგალურად შეაქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ მაღაზიებში ქართული პროდუქცია და ვაჭრობენ ისე, რომ აფხაზურ ბიუჯეტს გადასახადების სახით კაპიკს არ უხდიან. შესაბამისად, რადიკალურ ოპოზიციას ახლა რეალურად, მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: დაბრუნდეს დე ფაქტო ხელისუფლებაში და შეინარჩუნოს ქართულ მხარესთან "კონტრაბანდული" ვაჭრობის შესაძლებობა, რათა გააგრძელოს პირადი გამდიდრება აფხაზური ბიუჯეტისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები