სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ქმედითი ნაბიჯები გადადგას

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მას შემდეგ, რაც გასულ წელს ასლან ბჟანია გახდა აფხაზეთის ლიდერი და მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი პოზიციები დაიკავეს ალექსანდრე ანქვაბმა და სერგეი შამბამ, სოხუმმა რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობა. ბატონებმა ბჟანიამ და შამბამ საჯარო გამოსვლებში, გარკვეულწილად მონიშნეს ის საკითხები, რომელთა შესახებ დიალოგსაც სოხუმი შესაძლებლად მიიჩნევს, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ვაჭრობა, ეკონომიკა, გადაადგილების თავისუფლება და სხვა.

გარდა ამისა, 2020 წლის ბოლოს სოხუმში გამოქვეყნდა „საგარეო პოლიტიკის კონცეფცია,“ სადაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მთელი თავი მიეძღვნა. ამ დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაფიქსირებულია ახალი წინადადებაც: სოხუმი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პარალელურად, ორმხრივი დიალოგის ფორმატის შესაძლებლობას განიხილავს.

სოხუმის განცხადებების კვალდაკვალ, დიალოგის იდეისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებამაც გამოხატა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მრავალჯერ აქვს გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. თუმცა კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემხვედრი წინადადებებისა და სოხუმთან უშუალო დიალოგის გარეშე რთული წარმოსადგენია.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიდად ვაფასებთ სოხუმისა და თბილისის სამშვიდობო დიალოგისათვის მზაობის განაცხადს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი დიალოგის დასაწყებად აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან. ამასთანავე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ მნიშვნელოვან პროცესს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით.

გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი ხელს შეუწყობს ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციას“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: არჩილ გეგეშიძე, გიორგი კანაშვილი, ვახტანგ ჭარაია, იულია ხარაშვილი, მარინა ფაღავა, მიხეილ მირზიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ელიკო ბენდელიანი, ნინო კალანდარიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ანა ძიაპშიპა, მარინა ელბაქიძე, ვახტანგ ნოღაიდელი, ნათია ჭანკვეტაძე, ზაალ არქანია, შოთა შველიძე, არჩილ ელბაქიძე, ქეთი მურუსიძე, დათო ჯიშკარიანი, ალექსანდრე რუსეცკი, ალუ გამახარია, უჩა ნანუაშვილი, ქეთი აფთარაშვილი, ეკა ფირცხალავა, მერი გელაშვილი, იაგო ფასანძე, თამრიკო სარაჯიშვილი, რუსიკო მარშანია, სალომე ადამია, მარინა ფოჩხუა,ირაკლი ხვადაგიანი, მარგარიტა ახვლედიანი, დავით ფიფია, ნათია ნადირაძე, ელენე ნათენაძე,ივანე აბრამაშვილი, ლალი პერტენავა, მამუკა ყუფარაძე, ირაკლი ჩიხლაძე, ზვიად მჭედლიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა