ავიძბას დაკავება: პრორუსული ოპოზიციის რევანშის ჩახშობის მცდელობა, თუ დეტონატორი კრემლის ოპერაციის დასაწყებად?

05-03-2021 12:37:32 კონფლიქტები

წუხელ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, მაღალი ალბათობით, ერთგვარ დეტონატორად იქცევა შემდგომი პროცესებისთვის, რომლის მომსწრენიც უახლოეს დღეებში გავხდებით: ეს ან მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლა იქნება, ან პირიქით – ოპოზიციის მიერ დაგეგმილი გადატრიალების მცდელობის საბოლოო ჩახშობა.

“აქცენტი” უკვე წერდა, რომ რევანშისტულად განწყობილი პრორუსული ოპოზიცია, რომელიც უმთავრესად წინა – რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო სახელისუფლებო გუნდის ყოფილი კორუმპირებული მაღალჩინოსნებითა და მათი მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული, 11 მარტისთვის გადატრიალების ორგანიზებას გეგმავდა.

მთავარ საბაბად ოპოზიციური ძალები იყენებდნენ “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას გუნდის წევრთა ინიციატვებს თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც მოქმედმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ამასწინათ “აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშიც” გაწერა.

“ბოლო წვეთად” კი გამოყენებულ იქნა დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანშემწის – აფაზეთში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელ აკუნ კვირაიას სამეგრელოში კერძო ვიზიტი (კვირაია ბჟანიას “თანაშემწის” თანამდებობიდან სამეგრელოში გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე – 19 თებერვალს გადადგა) და ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრები.

ამ ყველაფრის საფუძველზე ოპოზიცია ასლან ბჟანიას გუნდს “ეროვნული ინტერესების ღალატში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “საქართველოსთან ყოველგვარი დიალოგი და თანამშრომლობა კანონით უნდა აიკრძალოს, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს”.

ამ მოთხოვნით ოპოზიციონერებმა ორი დღის წინ აფხაზურ “პარლამენტთან” მხარდამჭერები გაიყვანეს და ხალხის ფართო მხარდაჭერას ელოდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა: აფხაზურ საზოგადოებაში, რომელიც მერამდენე თვეა, ეკონომიკურ და ენერგოკრიზისში ცხოვრობს, მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ხალხის უკვე საკმაოდ დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ეს კრიზისი შედეგია, ერთის მხრივ, პანდემიის, ხოლო უმეტესწილად – იმ რუსეთის მიზანმიმართული ანექსიური პოლიტიკის, რომელსაც აფხაზეთი თითქმის 30 წლის განმავლობაში “სტრატეგიულ პარტნიორად” და “მეგობრად” თვლიდა. შექმნილ კრიზისში გამოსავლის ძიებაში ბევრმა გააცნობიერა, რომ ასლან ბჟანიას გუნდის ინიციატივები თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შესაძლოა, ერთადერთი რეალური ხსნა იყოს. ამდენად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის მცდელობები, ხალხი აეყოლიებინა, კრახით დასრულდა.

ამასობაში დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გუშინ მოსკოვში გაემგზავრა, ოფიციალური ინფორმაციით – “გეგმიური სამედიცინო გამოკვლევებისთვის”. თუმცა ნათელია, რომ ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ბჟანიას სამედიცინო გამოკვლევებისთვის არ უნდა ეცალოს. უკვე თვეზე მეტია, მოსკოვში იმყოფება კორონავირუსულ ინფექციაგართულებული დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბიც. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის დედაქალაქში ჩაფრინდა საგარეო საქმეთა “მინისტრი” დაურ კოვეც.

ამგვარად, ამ დროისთვის აფხაზეთის “პირველი პირებიდან” ადგილზე მხოლოდ “პარლამენტის” სპიკერი ვალერი ქვარჩია რჩებოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის შეტევას გაუძლო და ხმაურიანი განხილვის შედეგად მაინც არ მიიღო დადგენილება, რომელიც “საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აკრძალვას” დააწესებდა. ქვარჩიამ განმარტა, რომ “პარლამენტმა გადაწყვიტა, პრეზიდენტის მოსკოვიდან დაბრუნებას დაელოდოს”.

და აი, ამ ყველაფრის ფონზე წუხელ სოხუმში, საკუთარ სახლში აკავებენ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილ (ცოტა ხნის წინ გადამდგარ) თანაშემწეს – ოდიოზურ ახრა ავიძბას, რომელიც თავის ყოფილ დონეცკელ თანამებრძოლებთან ერთად აფხაზური ოპოზიციის ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელად და “დამრტყმელ ძალად” მოიაზრებოდა, 2 მარტს აფხაზეთში მოძრაობა "ახალი ადამიანები" დააფუძნა და ორი დღის წინ "პარლამენტთან" ოპოზიციის აქციაზე აქტიურობდა.

ინფორმაციისთვის:

  • ახრა ავიძბა თავის დროზე უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, მათ ერთ-ერთ რაზმს ხელმძღვანელობდა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდებაც აქვს მინიჭებული.
  • ბოლო დრომდე ის უმთავრესად რუსეთში ცხოვრობდა, სადაც საკუთარი ბიზნესმებიც აქვს. "აქცენტის" მკითხველს შესაძლოა, ახსოვს არცთუ დიდი ხნის წინანდელი ინციდენტი, რომლის დროსაც იმხანად ჯერ კიდევ "პრეზიდენტის თანაშემწე" ავიძბა ფსოუზე რუსი მესაზღვრეების მოთხოვნას არ დაემორჩილა, ჯიპით სასაზღვრო ზღუდე გაანგრია და რუსეთიდან აფხაზეთში ამ გზით შევიდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული იმის გამო, რომ გადასახადების სახით დიდი დავალიანება ჰქონდა დაგროვებული. მოგვიანებით ავიძბამ დავალიანება დაფარა, თუმცა რუსულმა მხარემ ციხეში 10 დღით მაინც ჩასვა.
  • ახრა ავიძბა, რომლის ძმა - "კრიმინალური ავტორიტეტი" ასიკი სოხუმის სანაპიროზე მომხდარი გახმაურებული ინციდენტის დროს მოკლეს, ამ ამბის შემდეგ რაულ ხაჯიმბას "ხელისუფლებას" დაუპირისპირდა და აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.
  • "ხელისუფლების" შეცვლის შემდეგ, 2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის - ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა "საერთაშორისო საკითხებში". იმავე წლის 9 ნოემბერს კი მან ეს თანამდებობა „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" მოტივით დატოვა და ახლა უკვე ბჟანიას ოპოზიციაში გადავიდა.
  • 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში, ყარაბაღის მეორე ომის დროს სოჭში (რუსეთი) მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ "მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა". მაშინ სოცქსელში გავრცელდა ომში მიმავალ მებრძოლებთან მისი ერთობლივი ფოტოც.
  • 2021 წლის იანვრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ახრა ავიძბა ძებნილად გამოაცხადა. მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა ედება ბრალად.

ღამით აფხაზური ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ ავიძბა “დაკავებულია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება, მის სახლში კი ჩხრეკა ტარდება”.

მოგვიანებით დე ფაქტო შსს-მ განუცხადა რუსულ სააგენტო „ტასს“, რომ “დაკავებულია შეიარაღებულ პირთა ჯგუფი, რომლის წევრები არ არიან აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და აფხაზეთის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ“. ამასთან, სააგენტო დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ახრა ავიძბა დაკავებულებს შორის არ იყო.

ღამით ვრცელდებოდა ასევე ცნობები, რომ ავიძბას ახლობლები და თანამოაზრეები დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, ე.წ. შსს-ს პირად შემადგენლობაში კი განგაში იყო გამოცხადებული.

რასთან გვაქვს საქმე – ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. არსებობს ორი ალბათობა: ან ბჟანიას გუნდმა გადაწყვიტა, დასწრებაზე ეთამაშა და სანამ აფხაზეთის “პირველი პირები” მოსკოვში არიან (აქაოდა – “ჩვენ არაფერ შუაში ვართო”), ოპოზიციის რევანშისთვის საძირკველი გამოეცალა, ან ბჟანია მოსკოვში კრემლმა დაიბარა და ოპოზიციასაც რევანშის წამოსაწყებად “მსუყე” საბაბი მანვე შეუქმნა. შესაძლებელია ერთიც და მეორეც. თუმცა ნათელია, რომ წუხანდელი მოვლენები დეტონატორია პროცესების, რომელთა მომსწრენიც უახლოეს დღეებში გავხდებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები