ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იყო

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში მიმდინარე ხუთსაათიანი შეხვედრა დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე დისკუსია შედგა არაერთი მნიშვნელოვან საკითხზე, პრიორიტეტული კი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იყო.

,,დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ეს საკითხი დაისვა ძალიან აქტუალურად, მოგეხსენებათ ამ საკითხზე საკმაოდ მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერაა, რაც დღევანდელ შეხვედრაზეც იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული. შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და რა თქმა უნდა, გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე, კონკრეტულ თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს", - აღნიშნა ანთაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტების - მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო წვრთნების საკითხებიც დააყენეს.

,,განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტები და ამ კონტექსტში მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში იყო აქტიურ ფაზაში შესული და მოგეხსენებათ, უკანონო, ე.წ. ბორდერიზაცია არის იმ ყველა ნეგატიური განვითარების ორგანული ნაწილი, რაც აზარალებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობას.

ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან პრინციპულად დაისვა უკანონო წვრთნების საკითხი, შეხვედრის მიმდინარეობის დროსაც ისმოდა აფეთქებების ხმა, ეს არის უაღრესად ნეგატიური და დესტრუქციული მოვლენა, იგი მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებულ საკითხს, ბუნებრივია, ამ საკითხზე დისკუსია შედგა და ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა - ეს არის პოლიციის სტანდარტული პოსტი და მისი მთავარი დანიშნულება არის უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობა", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მომდევნო სამუშაო შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა