აფხაზური “პარლამენტი” დღეს “საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აკრძალვის” საკითხზე იმსჯელებს

03-03-2021 11:59:51 კონფლიქტები

პრორუსული ოპოზიციის მოთხოვნით აფხაზური “პარლამენტი” დღეს “საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აკრძალვის” საკითხზე იმსჯელებს.

ეს გადაწყვეტილება გუშინდელი მოვლენების შემდეგ იქნა მიღებული: ამჟამად ე.წ. ოპოზიციაში მყოფმა რევანშისტულად განწყობილმა ყოფილმა კორუმპირებულმა ჩინოსნებმა, რომლებსაც აფხაზეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის არავითარი გეგმა ან თუნდაც ერთი ცალკეული წინადადება არ გააჩნიათ, თუმცა “ეროვნული ინტერესების ღალატში” ადანაშაულებენ მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას “ქართულ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და მრავალდონიანი დიალოგის ჩამოყალიბების” იდეის გამო, 2 მარტს მხარდამჭერები “პარლამენტთან” გაიყვანეს.

ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში “მოსალაპარაკებლად” შევიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დე ფაქტო სპიკერი მომიტინგეებთან გავიდა და აცნობა, რომ 3 მარტს “პარლამენტი” გაფართოებულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციის მოთხოვნას “საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აკრძალვის” თაობაზე.

ოპოზიციის გუშინდელი დემარშის საბაბად ბიზნესმენ ბენურ კვირაიას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტი იქცა, რომლის მიზანს, ოპოზიციონერთა მტკიცებით, “სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხზე მოლაპარაკებები” წარმოადგენდა.

ბენურ კვირაია

თავად კვირაია არ მალავს, რომ თბილისთან თანამშრომლობა აფხაზეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გზად მიაჩნია, რომ ჰყავს პარტნიორები, რომლებთანაც წლებია, თანამშრომლობს და რომ მათთან ურთიერთობების გაწყვეტასა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტების შეწყვეტას არ აპირებს. ამავდროულად, ბიზნესმენი, რომელმაც ენგურსგადაღმა ბოლო ვიზიტამდე “პრეზიდენტის” თანაშემწის თანამდებობა დატოვა, კატეგორიულად აცხადებს, რომ მოქმედებს კერძო ბიზნესმენის სტატუსით, რომ არც პირადად “პრეზიდენტ” ბჟანიას, არც ზოგადად დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ჰქონია რაიმე დავალებული და რომ აღარც რაიმე შესაბამისი სტატუსი გააჩნია ქართულ მხარესთან პოლიტიკური მოლაპარაკებების საწარმოებლად.

იხილეთ ასევე: ვემსახურები რუსეთს! - კორუმპირებულმა პრორუსულმა აფხაზურმა ოპოზიციამ რევანში წამოიწყო

“აქცენტი” უკვე წერდა, რომ ოპოზიცია, რომელიც მეტწილად “ხელისუფლებაში” ყოფნის დროს რუსული ფულით გამდიდრებული ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნებითაა დაკომპლექტებული, 11 მარტისთვის მოსკოვის დახმარებით აფხაზეთში მორიგი “რევოლუციის” მოწყობას გეგმავს. მისი მიზანი ერთადერთია – დაბრუნდეს დე ფაქტო ხელისუფლებაში და შესაბამისად, “სახელმწიფო” სალაფავთან, რომელსაც მის მიერვე უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისამდე მიყვანილ აფხაზეთს მისი საბოლოო შთანთქმის სურვილით შეპყრობილი მოსკოვი უსხამს. მარტივად რომ ვთქვათ, ოპოზიციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ფულია, ამიტომაც კრემლისთვის, რომელიც უკვე მაქსიმალურად მიუახლოვდა აფხაზეთის საბოლოო ანექსიის მიზანს, ადგილობრივი კორუმპირებული ოპოზიცია საუკეთესო პარტნიორია ამ საქმეში.

თუ გუშინდელი ინტერვიუებითა და კომენტარებით ვიმსჯელებთ, ოპოზიციონერების ზეწოლას ბიზნესმენ კვირაიაზე არ უმოქმედია, ის თავის საქმიანობას აგრძელებს, არც ქართველ პარტნიორებთან აპირებს ურთიერთობების შეწყვეტას და ამას აფხაზეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთ გზად მიიჩნევს. ოპოზიციას კი კვირაია ყოველგვარი ხედვისა თუ გეგმის არქონასა და “მუდმივად რუსეთის დოტაციებზე ჯდომის” სურვილში ადანაშაულებს.

რას გადაწყვეტს “საქართველოსთან თანამშრომლობის” საკითხზე აფხაზური “პარლამენტი” – დღეს შევიტყობთ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები