"საქართველოსთან მოლაპარაკებები კვირაიასთვის არ დაგვივალებია"

02-03-2021 16:10:47 კონფლიქტები

აფხაზური ოპოზიციური მოძრაობის ბრალდების საპასუხოდ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ “ბენურ კვირაია აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან 2021 წლის 19 თებერვალს გადადგა და მისთვის არავის დაუვალებია საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოება”.

ინფორმაციისთვის: სოხუმში ოპოზიციური მოძრაობა “არუაა”აქციას მართავს ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო ვიზიტის გამო.

აქციის დაანონსებამდე “აფხაზურმა ეროვნულმა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, რომ ეკონომიკის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე ბენურ კვირაია და მისი ორი თანმხლები პირი ქართულ მხარეს იმყოფებოდნენ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც კვირაია „გულითად ქართველ მეგობარზე“ საუბრობს, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა, ასევე, იმის შესახებ, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო.

“ჯერ კიდევ წინაასარჩევნო კამპანიის დროიდან, ბატონი ბჟანია ცდილობს, საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენი გზა საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგია. კულისებს მიღმა მოლაპარაკებები, ანონიმური ვიზიტი ქართველი პოლიტიკოსებისა აფხაზეთში ბჟანიას სხვა მრჩევლის დახმარებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მრავალრიცხოვანი განცხადებები და ინტერვიუები, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც ხალხისგან მალულად იყო მიიღებული, ერთი ჯაჭვის ნაწილია. აღარ არსებობს ეჭვები იმაზე, რომ ეს ეროვნული ინტერესების პირდაპირი გაწირვაა”, – ნათქვამია ოპოზიციური მოძრაობის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები