ეგორ კოჩიევი - თუ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა კარგად იციან - ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ თუ დარღვევები გაგრძელდება, იქნება შესაბამისი რეაგირება

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 98-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ავრცელებს.

„დელეგაციის“ ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითად საკითხად მისი მხრიდან სოფელ უისტაში არსებული ვითარება დაისვა.

„ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ საზღვარზე მდგომარეობის განმუხტვას, რომელიც უნდა დაიწყოს იმით, რომ აქ არსებული პოსტი უნდა მოიხსნას. როგორც კი ეს მოხდება, უკვე შესაძლებელია ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის ბედზე საუბარი“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს, ჯერჯერობით, ამ საკითხზე მკაფიო პასუხის გაცემა არ შეუძლია.

„ეს პოსტი ქართულ მხარეს არაფერს აძლევს. იქ არ არის გზა და თითქმის არ არის ხალხი. იქ ხდება ძალოვანების რაოდენობის ზრდა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არსებულ პოსტზე 12-დან 14-მდე ადამიანია. თუმცა, ამის პარალელურად შექმნილია რამდენიმე საყრდენი პუნქტი, რომელთაგან, მინიმუმ ერთი, ჩვენ ტერიტორიაზეა, დანარჩენები კი უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, „ამ პოსტის განთავსებით ქართულმა მხარე, შექმნა დაძაბულობის სერიოზული კერა“.

როგორც კოჩიევმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ჰუმანიტარული საკითხიც განიხილეს, მათ შორის ინციდენტები, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევას უკავშირდება.

„თუკი ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის კონკრეტული საზღვარი, პოლიციელებმა კი, ამის შესახებ კარგად იციან. მათი თითოეული ნაბიჯი ჩვენ ტერიტორიაზე - პროვოკაციაა. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ თუკი დარღვევები გაგრძელდება, სამხრეთ ოსეთის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კოჩიევმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა