ბჟანია მზადაა, ფორმულირებაზე "მრავალდონიანი მოლაპარაკებები საქართველოსთან" უარი თქვას

09-03-2021 21:23:58 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან" შესაძლოა. ამოიღონ ამასწინათ ჩაწერილი ფორმულირება «საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების" თაობაზე. ამის შესახებ აფხაზური "პარლამენტის" დეპუტატებთან ბჟანიას დღევანდელი 2,5-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

«მოამზადეთ წერილი თქვენეული ფორმულირებით - და ის კონცეფციაში აისახება. თუ გსურთ ამ ფორმულირების ამოღება, ჩვენ მას ამოვიღებთ, არავითარი პრობლემა არაა», – განაცხადა ბჟანიამ.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში "პრეზიდენტის" მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ჩაიდო პუნქტი თბილისთან "მრავალდონიანი" მოლაპარაკებების შესაძლებლობის თაობაზე, რაც პირველი მსგავსი შემთხვევა იყო აფხაზეთის ომისშემდგომ ისტორიაში. მასში, კერძოდ, ნათქვამი იყო: «აფხაზეთის რესპუბლიკა უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატის შესაქმნელად. მის ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა, ქართულ მხარესთან განვიხილოთ საკითხები, რომელთა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განხილვაც შეუძლებელია».

პრორუსულმა რევანშისტულმა ოპოზიციამ - წინა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერმა ყოფილმა ჩინოსნებმა, რომლებიც საქართველოდან "კონტრაბანდული" პროდუქციის შეტანით თავადაც წლებია, ითბობენ ხელს, კონცეფციის დამტკიცების შესახებ "პრეზიდენტის" დადგენილების ანულირება მოითხოვეს.

"პრეზიდენტთან" დღევანდელი შეხვედრის საბაბად კი ოპოზიციამ ბჟანიას ყოფილი თანაშემწის - ცნობილ ბიზნესმენ აკუნ კვირაიას სამგრელოში ვიზიტი გამოიყენა. 2 მარტს ოპოზიციად წოდებულმა რევანშისტულმა ძალებმა სოხუმის ცენტრში საპროტესტო მიტინგიც გამართეს და "პარლამენტისგან" "საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულად აკრძალვა" მოითხოვეს.

როგორც დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ "პარლამენტის" სპიკერმა ვალერი ქვარჩიამ განაცხადა, "ვითარება აფხაზეთში რთულია". "მიმდინარე წლის დასაწყისი მაინცდამაინც სასიხარულო ვერ გამოდგა. პოლიტიკური, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოსახლეობა სვამენ კითხვებს. ვერ ვიტყვი, რომ უსაფუძვლოს. ზოგიერთი კითხვა არ ეხება მარტო პრეზიდენტს, ეხება პარლამენტსაც, სხვა სტრუქტურებსაც. ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ ეს საკითხები», – აღნიშნა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები