AstraZeneca-ს ვაქცინა ნიურნბერგის კოდექსს არ არღვევს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

141
VIEWS

2021 წლის 7 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა კობა კუპრაშვილმა პირად Facebook გვერდზე პირდაპირ ჩართვაში AstraZeneca-ს ვაქცინაზე ისაუბრა და ის არგუმენტები ჩამოთვალა, რომლის გამოც, მისი აზრით, ადამიანს შეუძლია ვაქცინაციაზე უარი თქვას. კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ 1997 წელს მიღებული “ნიურნბერგის კოდექსით” გენეტიკური თერაპია აკრძალულია, ხოლო ასტრაზენეკა, მისი თქმით, არღვევს ამ კოდექსს, რადგან გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმს წარმოაგდენს.

ვიდეოში კობა კუპრაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ნაწილი მცდარი ან მანიპულაციურია. 1. ვაქცინები ნიურნბერგის კოდექსის პრინციპებს არ არღვევს. რეალურად, ნიურნბერგის კოდექსი არა ვაქცინაციას, არამედ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხებოდა. კოდექსის პირველი პრინციპი ნებაყოფლობითი თანხმობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. 2. ის ფაქტი, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, არასწორი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, რეალურად ის ადამიანის გენეტიკურ მოდიფიცირებას არ იწვევს. გარდა ამისა, ვაქცინაციის შედეგად უჯრედში შეღწეულ ვირუსი მოკლებულია იმ გენებს, რომლებსაც გამრავლების საშუალება აქვთ.

  1. ვაქცინები ნიურნბერგის კოდექსის პრინციპებს არ არღვევს. 

კუპრაშვილის თქმით, 1997 წელს მიღებული ნიურნბერგის კოდექსი, რომელიც 1947 წელს მიღებულ ნიურნბერგის დეკლარაციის გაგრძელებას წარმოადგენს, გენეტიკურ თერაპიას კრძალავს. ხოლო რამდენადაც AstraZeneca-ს ვაქცინა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, მისი თქმით, ის ამ კოდექსს არღვევს.

მტკიცება, თითქოს ვაქცინები ნიურნბერგის კოდექსის პრინციპს არღვევს, საფუძველს მოკლებულია და AFP Fact Check-ის მიერ არის გადამოწმებული. რეალურად, ვაქცინაცია ნიურნბერგის კოდექსის პრინციპებს შეესაბამება. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი დოქტორი ჯონათან დ. მორენო აღნიშნავს, რომ “ნიურნბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას”. ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკის პროფესორი სტივენ ჯოფი ასევე ამბობს, რომ ვაქცინები  არანაირად არ არღვევს ნიურნბერგის კოდექსს.

1945 და 1946 წლებში გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში სამხედრო ტრიბუნალი გაიმართა. ის იმ 23 ექიმის და ექსპერიმენტების ხელმძღვანელების გასამართლებას ეხებოდა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ ადამიანებზე სამედიცინო ექსპერიმენტები ჩაატარეს. სასამართლო ვერდიქტი „ნებადართული სამედიცინო ექსპერიმენტების“ დეტალურ აღწერას მოიცავდა. 10 ეთიკური პრინციპის ერთობლიობამ ნიურნბერგის კოდექსი ჩამოაყალიბა. ამ კოდექსის პირველი პუნქტი ნებაყოფლობითი თანხმობის პრინციპს უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის ვებ-გვერდზე, ასევე The New England Journal of Medicine-ის სტატიაში კოდექსის ათივე პრინციპია მოყვანილი. არცერთ მათგანში გენეტიკური თერაპია და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) ნახსენები არ არის.

გარდა იმისა, რომ საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ვაქცინის მიმღები ყველა პოტენციური რისკისა და გვერდითი მოვლენების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაქცინის დამტკიცებამდე მისი კვლევის პროცესში მონაწილე ადამიანები მოხალისეები იყვნენ, რაც ნიურნბერგის პირველივე პუნქტს შეესაბამება.

2. როგორ მოქმედებს AstraZeneca-ს ვაქცინა? 

კობა კუპრაშვილის თქმით, AstraZeneca  გენეტიკურად შეცვლილი ორგანიზმის შემცველ ვაქცინას გვთავაზობს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფორმულირება არასწორი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინა ადამიანის გენეტიკაში ცვლილებას იწვევს.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა ე. წ. „სპაიკ ცილის“ გამომუშავების გენეტიკურ ინსტრუქციებს ემყარება, მეცნიერებმა კორონავირუსის ე. წ. „სპაიკ ცილის“ გენი ადენოვირუსს დაამატეს, თუმცა ფაიზერ-ბიონტექისა და მოდერნას ვაქცინებისგან განსხვავებით, აღნიშნული ინსტრუქციები არა ერთჯაჭვიან რნმ-ში, არამედ ორჯაჭვიან დნმ-ში ინახება. აღსანიშნავია, რომ ადენოვირუსი უჯრედში აღწევს, მაგრამ მას გამრავლების საშუალება არ გააჩნია. ვაქცინის ადამიანის კუნთში შეყვანის შემდეგ, ადენოვირუსები უჯრედებს ეჯახებიან და მათ ზედაპირზე არსებულ ცილებს ეჭიდებიან. უჯრედი ვირუსს ბუშტში ათავსებს და შიგნით შეიწოვს. შიგნით მოხვედრის შემდეგ ადენოვირუსი ბუშტიდან გადის და ბირთვში გადადის, სადაც უჯრედის დნმ-ი ინახება. ადენოვირუსს თავისი დნმ-ი ბირთვში შეაქვს. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ადენოვირუსი შემუშავებულია ისე, რომ არ შეუძლია გამრავლება, მაგრამ უჯრედს შეუძლია კორონავირუსის ე. წ. „სპაიკ ცილის“ გენის წაკითხვა და მისი კოპირება მოლეკულაში, რომელსაც  მესენჯერ რნმ-ი ჰქვია.

კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ვებ-საიტი The Alliance of Science-ი ვაქცინების მოქმედებას განიხილავს და  ხსნის თუ რას ნიშნავს, როდესაც ვაქცინა გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს. მასალის თანახმად, ასტრაზენეკას ვაქცინა ვირუსის ვექტორის მიდგომას იყენებს. ვექტორული ვირუსები მოკლებულია ისეთ გენებს, რომლებსაც შეუძლია ადამიანს ზიანი მიაყენოს ან დაავადება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ვირუსს ასევე მოშორებული აქვს გენები, რომლებსაც გამრავლების საშუალება აქვთ. ზოგჯერ ვაქცინაში ცოცხალი ვირუსი მუტაციისკენ და პათოგენური ხასიათის დაბრუნებისკენ არის მიდრეკილი. ამისგან განსხვავებით, გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი ადამიანს ზიანს არ მიაყენებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist