ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში 15-17 მარტის ვიზიტი დაასრულა, რომლის დროსაც იგი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, ასევე ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის შეჯამებისას, პრემიერ-მინისტრმა 17 მარტს ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „აბსოლუტურად ყველამ“, ვისაც ის შეხვდა, ურჩია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა, რათა პოლიტიკური საქმიანობა პარლამენტში გაგრძელდეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ ყველანაირ კითხვის ნიშნანს გამორიცხავს.

ვიზიტის ბოლო დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს და ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს, ირაჩე გარსიას შეხვდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა – „ქართველ ხალხს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ამ პოლიტიკური დაძაბულობის მომენტში“. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც სიტუაციის დეესკალაციისკენაა მიმართული და დასძინა, რომ სტაბილურობა საქართველოს წინსვლისთვის გადამწყვეტია.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარმა მაკალისტერმა განაცხადა, რომ საქართველოში „მზარდი პოლარიზაცია“ სამწუხარო და შემაშფოთებელია. „მოვუწოდებ ყველა პარტიას გაააქტიუროს ძალისხმევა, რათა ერთად მოახდინოს სიტუაციის დე-ესკალაცია და გამონახოს გამოსავალი“, – დასძინა მან.

იმავდროულად, გუშინ თბილისში ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ქრისტიან დანიელსონის მედიაციით ოთხსაათიანი შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება, ვინაიდან მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მხარეებმა რაიმე შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button