აფხაზეთს კუბის მიერ აღიარების იმედი აქვს

17-03-2021 15:52:08 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთს კუბის მიერ მისი "დამოუკიდებლობის" აღიარების იმედი აქვს. ამის შესახებ მოსკოვში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის "MITT-2021" ფარგლებში დე ფაქტო ტურიზმის მინისტრ თეიმურაზ ხიშბასა და კუბის ტურიზმის მინისტრ ხუან კარლოს გარსია გრანადოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

«მზად ვარ თქვენთან სათანამშრომლოდ, თუ ამის ინტერესები გაგაჩნიათ», – განაცხადა, აფხაზური დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, კუბელმა მინისტრმა.

თავის მხრივ, ხიშბამ მას აფხაზეთის მიმართ ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და "ქვეყანაში ტურიზმის განვითარების" შესახებ უამბო.

«კუბა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან გვიყვარს. როცა ფიდელ კასტრო პირველად იმყოფებოდა სსრკ-ში, იგი აფხაზეთში ჩამოიყვანეს და ის ჩვენთვის გმირი იყო!" - განაცხადა აფხაზმა "მინისტრმა" და იმედი გამოთქვა, რომ კუბა აფხაზეთის "დამოუკიდებლობას" აღიარებს.

«2008 წელს ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა დიადმა რუსეთმა. მას მხარი თქვენმა მეზობლებმა - ნიკარაგუამ და ვენესუელამ დაუჭირეს, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია. იმედი გვაქვს, კუბის რესპუბლიკაც ასევე გვაღიარებს», – განაცხადა ხიშბამ.

სადღეისოდ აფხაზეთი გაერო-ს წევრ 5 ქვეყანას ჰყავს აღიარებული. ბოლოს იგი სირიამ აღიარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები