სოხუმში გადატრიალების მზადებისთვის დაკავებულ ავიძბას აფხაზეთის რუსეთთან მიერთების მომხრე რუსული პარტიის ხელმძღვანელობაში ირჩევდნენ

17-03-2021 12:56:41 კონფლიქტები

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირს", უკრაინის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებულ ახრა ავიძბას, რომელიც 4 მარტს სოხუმში "სახელმწიფო გადატრიალების მზადების" ბრალდებით დააკავეს, ზახარ პრილეპინის პარტიის ხელმძღვანელობაში ირჩევდნენ. საუბარია რადიკალურ რუსულ პარტიაზე, რომელიც ღიად უჭერს მხარს აფხაზეთის რუსეთთან მიერთებას.

ზემოთთქმულზე მეტყველებს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელებული დოკუმენტი:

თებერვლის ბოლოს ზახარ პრილეპინის პარტია სერგეი მირონოვის პოლიტიკურ ორგანიზაციას შეუერთდა, რათა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მომავალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამ გაერთიანებამდე ერთი თვით ადრე კი, 1 თებერვალს პრილეპინის გუნდმა დამფუძნებელი ყრილობა გამართა პარტიის ხელმძღვანელობის გადასარჩევად.

სოცქსელში გავრცელებული ბიულეტენის თანახმად, ახრა ავიძბა სერგეი პუსკეპალისთან ერთად პარტიის თავმჯდომარის მოადგილეებად უნდა აერჩიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში აფხაზურმა ოპოზიციამ ღია გამოსვლები დაიწყო ასლან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ძირითად მოტივად სახელდება ბჟანიას გუნდის ინიციატივა თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რაც აფხაზურმა ოპოზიციამ "ეროვნული ინტერესების ღალატად" მონათლა. ახრა ავიძბას, რომელიც ოპოზიციის "დამრტყმელ ძალად" განიხილებოდა, 4 მარტს ბინაში ჩხრეკა ჩაუტარეს, დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს, დააკავეს და ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

მის დაკავებას აქტიურად აპროტესტებენ პუტინის პროექტ "რუსული სამყაროს" ოდიოზური წარმომადგენლები. თუმცა ოფიციალური მოსკოვი ამ მოვლენებისგან მოჩვენებით დისტანცირებას ცდილობს. სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ "ახრა ავიძბას დაკავება აფხაზეთის შიდა საქმეა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები