“საქართველოს დახმარებას არ ვსაჭიროებთ“ – სოხუმსა და ცხინვალში ვაქცინის თაობაზე თბილისის განცხადებას პასუხობენ

30-03-2021 17:39:15 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრების კორონავირუსის ვაქცინაციის მზაობასთან დაკავშირებით მორიგ პიარ-კამპანიად აფასებს და აღნიშნავს, რომ სოხუმი შეთავაზების განხილვას არ გეგმავს.

“საქართველოს და მისი ხელისუფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ. სოხუმი არ აპირებს ქართული მხარის შემოთავაზების განხილვას. ჩვენ არ შემოვიტანთ სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ვაქცინებს. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში დახმარებას გვიწევს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაცია. აფხაზეთში მალე დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი პრეპარატით, რომლის ეფექტურობაც პრაქტიკაშია დადასტურებული”, – აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს ოკუპირებულ ცხინვალშიც.

ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები