logo
ENG



კობახიძე: 20 ივნისის ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისზეც აღიძრა, ან შეიძლება, აღიძრას საქმე

22 აპრ 202115:36
3 წუთის საკითხავი
clock 2473
კობახიძე: 20 ივნისის ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისზეც აღიძრა, ან შეიძლება, აღიძრას საქმე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20-21 ივნისის ამნისტია შეეხება მას, ვიზეც აღძრულია საქმე და მასაც, ვიზეც შეიძლება, მომავალში აღიძრას. ამის შესახებ მან ბრიუსელში ტელეკომპანია იმედთან ისაუბრა.  

"ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით და არა მარტო ტექსტით, შინაარსზე იყო გაკეთებული განმარტებები ელჩების მხრიდან და დანიელსონის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამნისტიის შესახებ კანონზე.

შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტში 27 აპრილს დარეგისტრირდება. სამოქალაქო საზოგადოება პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან მისი პოლიციელებზე და ბრძანებების გამცემ პირებზე გავრცელება. ამ პირობებში, ამნისტიის კანონით ციხის დატოვება მიუღებელია ნიკა მელიასთვის. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 


close დახურვა