logo
ENG



პაპუაშვილი: 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველა ბრალდებულს, მათ შორის, პოლიციელებს

21 აპრ 202111:53
3 წუთის საკითხავი
clock 1682

ქართული ოცნების დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის, პოლიციელებს, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების მუხლით არიან ბრალდებულები. 

"ამნისტიის აქტი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა იმ პირს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს. ეს შეეხება, როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს", - ამბობს პაპუაშვილი და განმარტავს, რომ კანონს ოპოზიციასთან ერთად დღეიდან შეიმუშევებენ, სამშაბათს, 27 აპრილს კი პარლამენტში დააინიცირებენ.

ევროპული საბჭოს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა