ქაცარავას ინფორმაციით, გორაკას მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციისთვის ტყეს კაფავენ

10-05-2021 19:01:12 კონფლიქტები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” განცხადებით, ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ გორაკას მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, საშუალოდ, 100 მეტრით გადმოინაცვლეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას ცნობით, ოკუპანტები ბოლო 2 კვირაა, აქტიურად კაფავენ ტყეს კასპის რაიონის სოფელ გორაკადან ქვემო ჭალის ტყის მიმართულებით.

“ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ტყეში გადააწყდნენ რუს ოკუპანტებს, რომლებიც ღებავდნენ ხეებს, ანუ ნიშნულებს აკეთებდნენ უკვე "ბორდერიზაციისთვის" გამზადებულ ტყეში… გარდა ამისა, გორაკაში მდებარე ციხე “ორკაპა” წარმოადგენს ე.წ. შიშის ზონას – მიუხედავად იმისა, რომ ეს ციხე-სიმაგრე მდებარეობს ოკუპაციის ხაზიდან 300 მეტრში, მოსახლეობა ვეღარ მიდის ამ ციხესთან, ვინაიდან გატაცების ალბათობა მიმდებარე ტერიტორიიდან ძალიან მაღალია”, –წერს ქაცარავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოების განახლების ფაქტს ადასტურებენ. სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის "ცხელი ხაზი".

News

Other news