ქართველი სასულიერო პირები და თეოლოგები – იოანე მეათეს: “ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ”

23-05-2021 15:45:15 კონფლიქტები ,საზოგადოება

“ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ”, – ასე მიმართავს ქართველი სასულიერო პირების, თეოლოგებისა და ისტორიკოსების ნაწილი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ იოანე მეათეს.

ქართველ სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ისტორიკოსთა ნაწილის წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

”ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსთავარს იოანე X – ს

თქვენო უნეტარესობავ,

საქართველოს უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გაოგნებულნი დავრჩით თქვენი ქმედებით, როდესაც ა/წ 18 მაისს საპატრიარქო რეზიდენციაში გულთბილად უმასპინძლეთ საქართველოს განუყოფელი და ამჟამად რუსეთის სახილმწიფოსა და ეკლესიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას.

თქვენმა ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღრმავა ის ჭრილობები, რომელიც მოუშუშებლად ადევს ივერიის მიწას. თქვენ დაუმატეთ ტკივილები აფხაზეთის ქართული მიწიდან რუსების მიერ ეთნოწმენდის შედეგად იძულებით განდევნილ ასიათოსობით ადამიანს და ამგვარი დესტრუქცილობითა და კადნიერებით საკუთარი პიროვნება უაღრესად დააზიანეთ.

ფიზიკურ ტკივილს გადააჭარბა თქვენი მიუღებელი საქციელით გამოწვეულმა აღშფოთებამ – ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ, დეფაქტო პრეზიდენტს ეგებებით სიტყვებით ‘‘ თქვენი ეკლესია‘‘ და აღუთქვამთ დახმარებას საეკლესიო კუთხით.

ეს ქმედება ჩვენს მიერ კანონიკური თვალსაზრისით მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და მოითხოვს დაყოვნებლივ გამოსწორებას.

თქვენ ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე უნდა მოიბოდიშოთ ჩადენილი ქმედების გამო და აღარასოდეს გაიმეოროთ მსგავსი რამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი არაკანონიკური და არაქრისტიანული საქციელი საკამრისი მიზეზია ანტიოქიის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად.

გარდა ამისა, მართლმადიდებლურ საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ანტიოქიის ეკლესია განიცდის მოსკოვის საპატრიარქოს დიდი გავლენას და მისსავე ხელში ინსტრუმენტალიზებულია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდრისა და აწ უკვე საქართველოს წინააღმდეგ.

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ თქვენს ტიტულში არსებული მონაკვეთი, რომელიც ივერიის ეკლესიის მწყემსთავრს გიწოდებთ (იმ დროს, როდესაც ჩვენს ეკლესია ავტოკეფალურია და პატრიარქი ჰყავს) დიდუხერხულობას ქმნის და მიგვაჩნია, რომ ის ამოღებულ უნდა იქნას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ახალი ისტორიული მოწმობები, რომლებიც აქარწყლებენ მითად ქცეულ ამბავს ანტიოქიის, როგორც საქართველოს დედა ეკლესიად სახელდებას.

იმედი გვაქვს, ქრისტიანული თავმდაბლობით ყურად იღებთ ჩვენს სამართლიან შენიშვნებს და გამოასწორებთ ჩადენილს.

პატივისცემით,

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მღვდელი მირიან მესხაძე

გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი

გიორგი გეუჩაძე, თეოლოგი,

ლაშა ჯიხვაშვილი, თეოლოგი

სანდრო ხაჯალია, თეოლოგი

ლადო წითლიძე, თეოლოგი

ზვიად ცაბაძე, თეოლოგი,

ლაშა დეისაძე, ისტორიკოსი, თეოლოგი

შოთა მათითაშვილი, ისტორიკოსი,

ბექა ჭიჭინაძე, ისტორიკოსი

ხელმოწერების მიღება გრძელდება”

ახალი ამბები

სხვა სიახლეები