პრორუსული აფხაზური ოპოზიცია თბილისთან ყველა სახის კონტაქტის გაწყვეტას მოითხოვს, "სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკებების" გარდა

27-05-2021 20:19:50 კონფლიქტები

რევანშისტულად განწყობილი ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნები ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია "არუაადან" მიესალმებიან "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან" თბილისთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ პუნქტის ამოღების შესახებ და ამას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ. თუმცა ამჯერად აფხაზური ოპოზიციის ეს პრორუსული ნაწილი კიდევ უფრო შორს მიდის და აყენებს მოთხოვნას, "არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების ყველა წარმომადგენელმა შეწყვიტოს ქართულ მხარესთან ყველა სახის კონტაქტი, რომელიც პრეზიდენტთან ან მთავრობასთან არაა შეთანხმებული" და მეტიც, აფხაზ ჩინოსნებს დე ფაქტო ხელისუფლების ნებართვის გარეშე ქართულ მედიასთან კონტაქტიც კი აეკრძალოთ.

"[...] ჩვენი მოწოდება შესმენილია! პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეს ნაბიჯი სამომავლოდ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედს გვისახავს. [...] საქართველოსთან მოლაპარაკებები უდავოდ საჭიროა, მაგრამ მათი ფორმატი განსაზღვრულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებით. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მოლაპარაკებები ენერგეტიკის სფეროში - ენგურჰესის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო. საქართველოსთან მოლაპარაკებები შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დონეზე. ვთვლით, რომ პრეზიდენტ ბჟანიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების არც ერთ წარმომადგენელს აღარ აქვს უფლება, საქართველოს წარმომადგენლებთან რაიმე საკითხზე რაიმე დიალოგი აწარმოოს პრეზიდენტთან ან მთავრობასთან შეუთანხმებლად. მეტც, ჩინოსნებმა ქართულ მედიას ინტერვიუებიც კი საგარეო უწყებასთან ან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა მისცენ" - ნათქვამია "არუაას" დღევანდელ განცხადებაში.

ამასთან, რევანშისტები იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს ხანებში აფხაზური "პარლამენტი" მიიღებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვას "1918 წლიდან 100-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან აფხაზი ხალხის სისტემური გენოციდის აღიარების" თაობაზე, ასევე კანონს «ომში საქართველოს დამარცხების შესახებ".

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში" ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ბრძანებულების თანახმად, ბჟანიას მიერ 2020 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებული კონცეფციიდან ამოღებულია თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის შესაძლებლობა, რომელიც ამ დოკუმენტში თითქმის 30 წლის განმავლობაში პირველად სწორედ მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივით გაჩნდა.

«აფხაზეთის რესპუბიკა უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატების ჩამოსაყალიბებლად. მათ ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორმხრივი ინტერესის მატარებელი იმ საკითხების გადაჭრა, რომელთა განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების არსებულ ფორმატში შეუძლებელია» - ნათქვამი იყო ბჟანიას "ხელისუფლების" ინიციატივით გასული წლის ბოლოს კონცეფციაში შეტანილ მუხლში, რომელიც ბჟანიასვე ახალი ბრძანებულებით, დოკუმენტში აღარ იარსებებს.

ცნობისთვის: ამ მუხლის გაუქმებას დაჟინებით მოითხოვდა წინა დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნებით დაკომპლექტებული, რევანშისტულად განწყობილი ამჟამინდელი ოპოზიცია, კერძოდ, სწორედ "არუაა", რომელიც ბჟანიასა და მის გუნდს თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის იდეის გამო "აფხაზეთის ეროვნული ინტერესების გაყიდვაში" ადანაშაულებდა და მიმდინარე წლის მარტში "სახელმწიფო გადატრიალების" მოწყობას გეგმავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები