ქართულ-აფხაზური დიალოგი და თანამშრომლობა: ხედვა თბილისიდან

27-05-2021 15:36:38 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 25 მაისს "საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში" ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ბჟანიას მიერვე 2020 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებული კონცეფციიდან ამოღებულია თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის შესაძლებლობის შესახებ ჩანაწერი (პუნქტი 2.3), რომელიც მასში თითქმის 30 წლის განმავლობაში პირველად სწორედ მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში გაჩნდა.

მის ამოღებას დაჟინებით მოითხოვდა წინა დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნებით დაკომპლექტებული, რევანშისტულად განწყობილი ამჟამინდელი ოპოზიცია, კერძოდ, ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა", რომელიც ბჟანიასა და მის გუნდს თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის ინიციატივის გამო "აფხაზეთის ეროვნული ინტერესების გაყიდვაში" ადანაშაულებდა და მიმდინარე წლის მარტში გადატრიალების მოწყობაც სცადა. რამდენიმე დღის წინ “არუააელებმა” კონცეფციიდან ჩანაწერის ამოღების მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს და ასლან ბჟანიას “ნებით გადადგომა” მოსთხოვეს.

«აფხაზეთის რესპუბიკა უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატების ჩამოსაყალიბებლად. მათ ფარგლებში შესაძლებელი იქნება ორმხრივი ინტერესის მატარებელი იმ საკითხების გადაჭრა, რომელთა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების არსებულ ფორმატში განხილვაც შეუძლებელია» - ნათქვამი იყო პუნქტში, რომელიც ბჟანიას ახალი ბრძანებულებით, კონცეფციიდან ამოღებულია.

მომხდარის შეფასების თხოვნით “აქცენტმა” საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორ პაატა გაფრინდაშვილს მიმართა.

პაატა გაფრინდაშვილი: «ბატონი ბჟანიას ეს გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთში მცხოვრები ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასეთი ფორმულირება ხომ თავის დროზე დოკუმენტში სწორედ ხალხის და არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამო ჩაიდო! დღეს ამ გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა, ის სჯობდა, რომ დოკუმენტში კონკრეტული ჩანაწერი თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის შესაძლებლობის შესახებ იმთავითვე არ ყოფილიყო.

არასერიოზულად მიმაჩნია იმ მოსაზრების განხილვა, რომ ბ-ნმა ბჟანიამ კორუმპირებული პრორუსული ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლო და «არუაას» ულტიმატუმს დაყაბულდა, ვინაიდან არც ეს „ოპოზიცია“ მგონია სათანადოდ ძლიერი, არც ბ-ნი ბჟანია – ამდენად სუსტი. უფრო სარწმუნოდ მეჩვენება შესაძლებლობა იმისა, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვმა „ურჩია“ და ბ-ნმა ბჟანიამ არჩია, წინააღმდეგობა აღარ გაეწია. მიმაჩნია, რომ თავის დროზე მან დიდი პოლიტიკური გამბედაობა და სიბრძნე გამოიჩინა, როცა თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ამასთან, ის ხაზს უსვამდა, რომ მთავარი იყო, დიალოგს დადებითი შედეგები მოეტანა [და აქ ის, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკას, ვაჭრობას, ბიზნეს-სუბიექტებს შორის კავშირებს გულისხმობდა], ხოლო შესაფერისი ფორმატი და ფორმები გამოიძებნებოდა. ბ-ნი ბჟანია საუბრობდა იმაზეც, რომ სოხუმში ხედავდნენ თბილისის (როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ისე ოპოზიციის) სურვილს, სოხუმთან უფრო ინტენსიური დიალოგი განვითარებულიყო.

ასლან ბჟანიას ბოლო გადაწყვეტილებაზე არანაკლებ სამწუხაროა ჩემთვის ის, რომ თბილისმა, გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო სოხუმთან მიმართებაში პროაქტიური, მწყობრი ვერც საინფორმაციო თვალსაზრისით პოზიციონირება, ვერც მოქმედება. მიმაჩნია, რომ თუკი სახელმწიფო ინსტიტუტებს ექნებათ ცოტა მეტი გამბედაობა და ნება, საკითხების პრიორიტეტიზაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, სრულიად შესაძლებელია შექმნილი სიტუაციის არათუ გამოსწორება, არამედ რეალური წინსვლის მიღწევაც. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერაც არ დახურულა და აუცილებელია, ცოტა გავინძრეთ...

მშვიდობიანი მომავლის შენების საქმეში დიალოგს და დადებით შედეგებზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, სასაუბრო და გადასაჭრელი საკითხები კი, რასაც სრულიად შესაძლებელი დადებითი შედეგები უნდა დაეფუძნოს, საბედნიეროდ, ბევრია: ეკონომიკა და ვაჭრობა, განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სპორტი და ა.შ.

რაც შეეხება მოლაპარაკებათა ფორმებსა და ფორმატებს, აქ ნამდვილად არსებობს საკმარისი სივრცე და მოქნილობა ყველასთვის ხელსაყრელი და მისაღები ვარიანტების მოსაძიებლად. დიალოგის, მათ შორის ე.წ. 1.5 არხის ფორმატის მოლაპარაკებათა პრეცედენტები კი (მართალია, ფრაგმენტული, მაგრამ მაინც) უახლოეს წარსულშიც გვაქვს. შეხვედრები და კონტაქტები არც არასდროს შეწყვეტილა. საჭიროა მათი არა ფრაგმენტული, არამედ უფრო აქტიური და ხშირი, სისტემური გამოყენება.

ჩვენ ერთად შეგვიძლია, ზემოაღნიშნულ სფეროებში ამ სფეროების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით ინტენსიური შეხვედრები გვქონდეს. ამასთან, საკუთარ თავსა და ერთმანეთს უნდა ვკითხოთ: იქნებ შესაძლებელია, ჩვენს ურთიერთობებს მეტი ღიაობა შევძინოთ? აქ, ბუნებრივია, იმას არ ვგულისხმობ, რომ შეხვედრები პირდაპირი ტელეტრანსლაციით გადაიცეს, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებებმა უნდა იცოდნენ, რომ დიახ, შეხვედრები, მოლაპარაკებები იმართება და იმართება იმ მიზნით, რომ მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და ამ პროცესმა ხალხს კონკრეტული სიკეთეები მოუტანოს.

მართალია, სიტყვები ხანდახან ცვდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთის უახლოესი ნათესავები ვართ. შესაბამისად, არ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს, როგორც მტრებს. ამდენად, ჩვენი მოქალაქეობრივი, მორალური და გნებავთ, ისტორიისადმი ვალიცაა, უზრუნველვყოთ მშვიდობა, რათა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს აღარასოდეს ჰქონდეთ შუღლის, დაპირისპირების, ომის გამოცდილება. ქართველებსა და აფხაზებს ძალიან გრძელი საერთო წარსული გვაქვს, რომელიც გვაერთიანებს და არა გვყოფს, როგორც ამის წარმოჩენას ზოგიერთი ცდილობს. დიახ, ისტორიის სხვადასხვა დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღიც აგვიღია, თუმცა ერთმანეთის მხარადამხარაც გვიბრძოლია. დღესაც გვაქვს წარსულის სხვადასხვა ხედვა, მაგრამ არ უნდა ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ამ განსხვავებაზე. ათასობით აფხაზი და ქართველი ხომ ქმნიდა საერთო ოჯახებს, ერთმანეთს იცავდა ომში, საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა საერთო წარსულს. ჩვენ ამ ადამიანების გმირობაზე, მათ გამოცდილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და არა იმ სისასტიკეზე, რომელიც ომის დროს ყველამ ვიწვნიეთ. რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს ომის ტრაგედიაც, მაგრამ თუ მარტო ეს გვემახსოვრება, წინ ვერასოდეს წავალთ - წარსული ხომ ხშირად გვაბრმავებს, ხოლო თუ წინ გვინდა, ვიაროთ, ბრმად ვერ ვივლით. ამიტომაც უნდა ვიყუროთ არა წინააღმდეგობრივი წარსულისკენ, არამედ წინ, მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობისკენ.

ბოლო ომი დიდი ხანია, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. უნდა დასრულდეს უძრავობაც და უმოქმედობაც. საქმის კეთება უნდა დავიწყოთ ყველამ».

Новости

Другие новости