"არუაა" აფხაზეთში ნურმაგომედოვის ვიზიტის ჩაშლის გამო ენგურზე გადაადგილების მაქსიმალურ შეზღუდვას მოითხოვს

31-05-2021 13:58:46 კონფლიქტები

აფხაზი რევანშისტების ოპოზიციური ორგანიზაცია "არუაა" ოუპირებულ რეგიონში ხაბიბ ნურმაგომედოვის ვზიტის ჩაშლას "საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ანტიაფხაზურ ქმედებად" აფასებს და საპასუხოდ დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვს.

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ს ექს-ჩემპიონი დაღესტნელი სპორტსმენის ვიზიტის ჩაშლის შესახებ ორიოდ დღის წინ გახდა ცნობილი. აფხაზურმა მედიამ ნურმაგომედოვის ამ გადაწყვეტილების მიზეზად "საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი ზეწოლა" დაასახელა.

თავის მხრივ, წინა დე ფაქტო ხელისუფლების პრორუსულად განწყობილი კორუმპირებული ექს-ჩინოსნებით დაკომპლექტებულმა "არუაამ" დღეს "პრეზიდენტისა" და "პარლამენტისადმი" მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საპასუხო ზომების გატარებას მოითხოვს და ასეთად ენგურზე მიმოსვლის მაქსიმალურ გამკაცრებას ასახელებს.

"არუაა" მიმართავს ასევე აფხაზეთის მაცხოვრებლებს, მედიას, სოციალური ქსელების ადგილობრივ მომხმარებლებს მოწოდებით, «პროტესტი გამოხატონ საქართველოს და მისი მხარდამჭერი ქვეყნების მუხთლური მოქმედების საწინააღმდეგოდ".

«საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ დასავლელი პოლიტიკოსებისგან ჩვენ სამართალს, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. მხოლოდ რუსეთი რჩება ჩვენი, როგორც ეთნოსისა და სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთ გარანტად», – ნათქვამია რევანშისტების განცხადებაში.

გარდა ამისა, "არუაა" მიმართავს ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებსა და ცნობილ სპორტსმენებს, "ხმა აღიმაღლონ თბილისის რეჟიმისა და მათ მიმართ, ვინც თბილისს ცინიზმსა და ვაქჰანალიაში აჰყვა".

რევანშისტები "ადამიანის უფლებათა დარღვევაზე" საუბრობენ და აფხაზ სახალხო დამცველ ასიდა შაკრილს "დუმილის"გამო აკრიტიკებენ. "ჩვენ მივმართავთ ქ-ნ შაკრილს, გაიხსენოს, რომ მისი მოვალეობა ხალხისა და ადამიანის უფლებების დაცვაა" - ნათქვამია "არუაას" განცხადებაში.

ნურმაგომედოვი ოკუპირებულ რეგიონს 1 ივნისს უნდა სწვეოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვიზიტი არ შედგებოდა, აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით - "აშშ-ისა და საქართველოს მხრიდან პირდაპირი სასანქციო მუქარის, კერძოდ, ამერიკული ვიზის ანულირების, UFC-ში სპორტული მოთვაწეობის შეზღუდვისა და აშშ-სთან კონტრაქტების გაწყვეტის მუქარის გამო».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები