სოხუმმა თბილისთან "მრავალდონიანი დიალოგი" აფხაზური "საგარეო პოლიტიკური კონცეფციიდან" ამოიღო

26-05-2021 16:14:15 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში" ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი.

ბრძანებულების თანახმად, ბჟანიას მიერ 2020 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებული კონცეფციიდან ამოღებულია თბილისთან მრავალდონიანი დიალოგის შესაძლებლობა, რომელიც ამ დოკუმენტში თითქმის 30 წლის განმავლობაში პირველად სწორედ მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივით გაჩნდა.

«აფხაზეთის რესპუბიკა უშვებს შესაძლებლობას, შეიქმნას პირობები საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატების ჩამოსაყალიბებლად. მათ ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორმხრივი ინტერესის მატარებელი იმ საკითხების გადაჭრა, რომელთა განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების არსებულ ფორმატში შეუძლებელია» - ნათქვამი იყო ბჟანიას "ხელისუფლების" ინიციატივით გასული წლის ბოლოს კონცეფციაში შეტანილ მუხლში, რომელიც ბჟანიასვე ახალი ბრძანებულებით, დოკუმენტში აღარ იარსებებს.

ცნობისთვის: ამ მუხლის გაუქმებას დაჟინებით მოითხოვდა წინა დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნებით დაკომპლექტებული, რევანშისტულად განწყობილი ამჟამინდელი ოპოზიცია, კერძოდ, ორგანიზაცია "არუაა", რომელიც ბჟანიასა და მის გუნდს თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის იდეის გამო "აფხაზეთის ეროვნული ინტერესების გაყიდვაში" ადანაშაულებდა და მიმდინარე წლის მარტში "სახელმწიფო გადატრიალების" მოწყობას გეგმავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები