სოხუმის ხელისუფლება დეოკუპაციის კომისიას მკვდრადშობილ პროექტად მიიჩნევს

22-06-2021 12:02:10 კონფლიქტები

სოხუმი "მორიგ უსარგებლო, მკვდრადშობილ პროექტად" მიიჩნევს დეოკუპაციის კომისიას, რომლის ჩამოყალიბებაც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დააანონსა.

ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

«დეოკუპაციის კომისიის" შექმნით საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე "ოკუპირებული ტერიტორიების" პრობლემის გადაჭრის "მტკიცე ნების" დემონსტრირებას ცდილობს. ამით თბილისი ცდილობს, აჩვენოს, რომ ეს თემა ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია და ხელისუფლება მის გადასაჭრელად ყველა შესაბამის ზომას მიმართავს. მაგრამ აფხაზეთში მსგავსი უსარგებლო ინიციატივები ვერავითარ ენთუზიაზმს ვერ გამოიწვევს. მიამიტობა იქნებოდა მსგავსი სახელწოდების კომისიისგან რაიმე ადექვატური, თანამედროვე პოლიტიკური რეალიების შესაბამისი, აფხაზეთისთვის მისაღები იდეების მოლოდინი. პროგრამის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და უფრო ადრუნდელი ქართული პროექტების კრახით დასრულების მაგალითებს წესით, უნდა დაერწმუნებინა თბილისი ყველა იმ ინიციატივის სრულ არაეფექტურობაში, რომელიც ავტონომიური რეგიონებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ პროგრამებს უფრო ჰგავს და იმაში, რომ მსგავს პროექტებს მხოლოდ მოკლევადიანი პროპაგანდისტული ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს. უაზრო ინიციატივებზე მუშაობის ნაცვლად, სჯობდა, ქართულ მხარეს მეტი ძალისხმევა გამოეჩინა ჟენევის ფორმატში, რომელიც სადღეისოდ მკვდარი წერტილიდან არ იძვრის ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო. ჟენევაში პროგრესის მიღწევა იქნებოდა საქართველოს რეალური და არა მოჩვენებითი ზრახვების დემონსტრირება, საქართველოსა და აფხაზეთს შორის თანასწორი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების გზაზე წინ წაიწიოს" - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო კომისია, რომელმაც «დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის სახელმწიფო სტრატეგია" უნდა შეიმუშავოს, პრემიერ ირალი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 21 ივნისს ჩამოყალიბდა. მის მუშაობას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს კოორდინირებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები