მოსკოვის მიერ იმედგაცრუებული სოხუმი გაერო-სა და ჯანმო-ს დახმარებას ითხოვს

13-08-2021 11:49:03 კონფლიქტები

მოსკოვის მიერ იმედგაცრუებული სოხუმი კორონავირუსულ პანდემიასთან საბრძოლველად გაერო-სა და ჯანმო-ს დახმარებას ითხოვს.

როგორც დღეს დე ფაქტო ხელისუფლებისადმი მიმართვაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეები აღნიშნავენ, "აუცილებელია, დახმარების თხოვნით მიემართოს არა მარტო რუსეთს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც".

«ყველანი ვიმედოვნებდით, რომ ვაქცინაციის პრობლემა რუსული «Спутник-V»-ის მეშვეობით გადაიჭრებოდა, თუმცა ვაქცინის საჭირო რაოდენობით აფხაზეთის უზრუნველყოფა რთული ამოცანა აღმოჩნდა. ვინაიდან მიმდინარე ვაქცინაციის ტემპები მთავარ პრობლემას - მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას - ვერ წყვეტს, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები, მივმართოთ საერთშორისო ორგანიზაციებს. ამასთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით, მოვუწოდოთ მთავრობას, მიმართოს არა მარტო რუსეთის ფედერაციას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც - ჯანო-სა და გაერო-ს სხვადასხვა სტრუქტურებს, ასევე ჟენევის დისკუსიების წარმომადგენლებს, რათა აფხაზეთს მიეწოდოს ვაქცინები, რომელმაც თავისი ეფექტურობა აჩვენა», – ნათქვამია მიმართვაში.

მანამდე დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ სოხუმი ვაქცინების "სხვა ქვეყნებში შესყიდვას არ განიხილავდა".

«მესმის სხვადასხვა წინადადებები, ხომ არ არის შესაძლებლობა, სხვა ვაქცინები სხვა ქვეყნებში შევიძინოთ? ჯერ ვიკითხავთ საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში, როგორ შეფასდება ეს, შემდეგ კი ამ საკითხზე საზოგადოებრიობას მივმართავთ», – აღნიშნა ანქვაბმა და დასძინა, რომ ამჟამად რუსეთის მთავრობაში აფხაზური მხარის განაცხადი დევს 100 ათასი დოზა "სპუტნიკის" შეძენაზე.

«ვაქცინა იქნება, თუმცა დროს დანამდვილებით ვერ ვამბობ. ყველაფერი ასე მარტივად არაა. თავად რუსეთშიც არაა მარტივი ვითარება. ბევრ ქვეყანას სურს რუსული ვაქცინის შეძენა - აი ასეთი მაღალი ავტორიტეტი აქვს მას. წარმოება ყოველთვიურად გაიზრდება და მაშინ ჩვენც გაგვიმარტივდება საჭირო რაოდენობის დოზების დროულად შეძენა. შეგნებულად პროცესს, ცხადია, არავინ ვნებს», – დასძინა დე ფაქტო პრემიერმა.

10 აგვისტოდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული "სპუტნიკ ლაითით" ვაქცინაცია განახლდა. რუსეთმა აფხაზეთს რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ვაქცინის არათუ უსასყიდლოდ მიწოდებაზე, მიყიდვაზეც კი უარი უთხრა და ახალი პარტია მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენმა ბესლან აგრბამ დააფინანსა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები