ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს 150 მილიონი ევროს საკრედიტო პაკეტი გამოუყო

ევროკავშირის საბჭომ 20 მაისს 10 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. გამოყოფილი ფინანსური რესურსი კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას მოხმარდება. საქართველო ამ თანხიდან 150 მილიონ ევროს მიიღებს.

გაფართოებისა და სამეზობლოს პროგრამების ფარგლებში, 3 მილიარდი ევროს მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ წინადადება პირველად ევროკომისიამ 22 აპრილს გაახმოვანა. მოგვიანებით, 5 მაისს ეს წინადადება ევროკავშირის ელჩებმა მოიწონეს, ხოლო 15 მაისს ის ევროპარლამენტმა დაამტკიცა.

ფინანსური დახმარება „ძალიან ხელსაყრელი პირობებით“, სესხების სახით იქნება ხელმისაწვდომი, რაც ქვეყნებს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება.

თანხები 12 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი და მათი გამოყოფა ორ ტრანშად მოხდება. სესხების მაქსიმალური ვადა 15 წელია.

ევროკავშირის საბჭოს თქმით, დახმარების თაობაზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანასა და ევროკომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button