აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, გაკვირვებულები იყვნენ მთავრობის განცხადებით, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს დახმარება არ სჭირდება. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს.

"ცოტა გაკვირვებულები ვიყავით საქართველოს მთავრობის განცხადებაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის, სიღარიბის დონისა და რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავლენის მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვაშინგტონიც მიაქცევს ამას ყურადღებას. ჩემი აღქმაა, რომ ეს დახმარება იყო მიბმული მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებზე და ცხადი იყო წინა წელს, როცა პაკეტი განიხილეს საქართველომ და ევროკავშირმა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს მნიშვნელოვანი რეფორმებია, რომელიც უნდა განხორციელდეს და იმედს ვიტოვებთ, რომ გაგრძელდება მუშაობა. რა თქმა უნდა, რთული რეფორმებია და რამდენიმე რთული რეფორმა უკვე განხორცილდა კიდეც, რაც იმედის მომცემია. აშშ-ს კონგრესი აკვირდება რაც ხდება აქ და ჩვენ კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორი დახმარება სჭირდებათ და უნდათ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყურადღებას მიაქცევენ მთავრობის განცხადებას, რომ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ", — განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება 31 აგვისტოს გააკეთა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.