ახალი ამბები

რუსული დელეგაცია სოხუმს ესტუმრა

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი 2 სექტემბერს სოხუმში ჩავიდნენ, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას და „პრემიერ-მინისტრ“ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდნენ.

აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ბჟანიამ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების ფარგლებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცის შესაქმნელად რუსული ინვესტიციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„რუსეთის მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გარეშე ფონს ვერ გავალთ“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ საჭიროა 2020-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ერთობლივად შემუშავება.

ბჟანიას თქმით, ახალი პროგრამა რიგ მიმართულებებს უნდა მოიცავდეს, მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგეტიკა, გაზიფიკაცია, წყალმომარაგება და კანალიზაცია, აეროპორტისა და სარკინიგზო ხაზების აღდგენა.

აფხაზეთის ლიდერმა თხოვნით მიმართა რუსულ დელეგაციას, რომ რუსული კოვიდ-ვაქცინის დოზების მიღებაში დაეხმაროს. „აფსნიპრესის“ ცნობით, ბჟანიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის საკითხი კვლავ მწვავედ დგას რეგიონში მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთმა რუსული ვაქციის ორი პარტია უკვე მიიღო.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ შემდგომი მუშაობაა საჭირო კულტურული მემკვიდრეობისა და ენერგეტიკის სფეროებში და რომ ეს ობიექტები მოსკოვის დახმარების მომდევნო ან მიმდინარე პროგრამებში მოხვდება.

იმავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 43%-ით გაიზარდა და 143 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. „ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს უახლოვდება“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button