აფხაზეთში მდებარე მე-7 რუსული სამხედრო ბაზის არსენალი მნიშვნელოვნად განახლდება

01-09-2021 12:32:47 კონფლიქტები ,თავდაცვა

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონში მდებარე მე-7 რუსული სამხედრო ბაზის არსენალი მნიშვნელოვნად განახლდება, - იუწყებიან გამოცემა «Известия»-ს წყაროები რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, ბაზა მიიღებს მოდერნიზებულ БМП-3-ებს დამატებითი დაცვითა და თანამედროვე უპილოტო საფრენ აპარატებს, მოტომსროლელი ბრიგადები კი უახლესი ავტომატებით Ак-12 შეიარაღდებიან.

ახალ ტექნიკასა და შეიარაღებას რუსულ ბაზაზე უკვე მომავალ წელს ელიან.

ამ დროისთვის რუსული ბაზის მოტომსროლელებისთვის ძირითად სატრანსპორტო საშუალებას ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82А წარმოადგენს. მათთან შედარებით, მუხლუხოიანი БМП-3-ები ბევრად უფრო დაცულია და გაცილებით მძლავრად შეიარაღებულიც: 30 მმ-იანი ავტომატური ზარბაზნისა და ტყვიამფრქვევის გარდა, ისინი აღჭურვილია დაბალი ბალისტიკის 100-მმ-იანი იარაღით, რომელიც, ამავე დროს, წარმოადგენს გამშვებ დანადგარს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის.

რაც შეეხება АК-12-ს, რომელიც ასევე ინდექს 6П70-ითაა ცნობილი, იგი კონცერნ "კალაშნიკოვის" ავტომატების მე-5 თაობას განეკუთვნება და დამზადდა წინამორბედი მასობრივი მოდელის - АК-74-ის შესაცვლელად, რომელიც უკვე 40-ზე მეტი წელია, შეიარაღებაშია, - განმარტავს რუსული გამოცემა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები