Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერების გამო ნაბიჯებს გადადგამს


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწის პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდა.

რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, სტანო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.

„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში.

ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებთ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“, - განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი - 25 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა იყო განთავსებული. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები დიდწილად სასულიერო პირებს ეხება,

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

უშუალოდ საეკლესიო მსახურებზე სავარაუდო მიყურადების გარდა, არის ეკლესიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ჟურნალისტებსა და დიპლომატებს შორის შიდა კომუნიკაციის, ასევე ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენელთა შორის საუბრის ჩანაწერების შინაარსი.

მათში ვხვდებით, საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ისრაელის ელჩების, ასევე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს.

სუს-ის სავარაუდო ფარული მიყურადების გზით მოპოვებული მასალების მედიით გავრცელების შესახებ, ინფორმაცია ბრიუსელს ევროკავშირის საელჩომ მალევე აცნობა.

მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ფარულ ჩანაწერებსა და ამ ჩანაწერების შინაარსის შესახებ, პროკურატურამ 14 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG