"ხმა აფხაზეთიდან": გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

14-09-2021 14:16:53 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა,– იუწყება ახალგაზრდული გაერთიანება "ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან":

"დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

საქმე ისაა, რომ რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომესაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა.

დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.

შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საკითხთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად",– აღნიშნავენ უწყებაში.

უწყების ცნობით, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შემდგომ შეზღუდვასთან და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზიც:

"საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე.

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები