Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმის მიცემა "დასჯის შიშის" თანხლებით - OSCE/ODIHR-ის მისიის წინასწარი დასკვნებიდან


OSCE/ODIHR-ის ქოლგის ქვეშ მოქმედი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2 ოქტომბერს არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო“ და „საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ“.

თუმცა შემდეგ, იმავე ტექსტში, მისია მალევე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია „დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზო პირობებმა“.

ODIHR-ის მისია ბრალდებების ფართოდ გავრცელებაზე, მასშტაბსა და მათზე არასათანადო რეაგირებაზე მიუთითებს:

  • „ამომრჩევლებმა, კანდიდატებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა წარმოადგინეს ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვასთან, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან, დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით“.
  • „აღნიშნულმა გაზარდა წუხილი ამომრჩეველთა შესაძლებლობაზე, ხმა მისცენ „დასჯის შიშის გარეშე“; მსგავსი გარემო წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან“.
  • „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას პროცესში მონაწილე ბევრმა მხარემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია, დაშინების ფაქტებზე შესაბამისი გამოძიება არ დაწყებულა.
  • „საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებები, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების 21%-ში გარეთ შეინიშნებოდა ცალკეულ პირთა დაჯგუფებები, რაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა; 8%-ში აღინიშნა ამომრჩეველთა აღრიცხვა, რაც შეშფოთებას იწვევს ამომრჩეველთათვის მიერ ხმის ზეწოლის გარეშე მიცემის შესაძლებლობის შეზღუდვის გამო“.

ანგარიშში არაერთგზის არის ნახსენები ბრალდებები ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, რაც, მაგალითად - საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართულობასაც გულისხმობს და რაზეც ხელი მხოლოდ მმართველ პარტიას მიუწვდება. თუმცა აღარ ვხვდებით 2020 წლის ანგარიშში ხაზგასმულ შეფასებას.

საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ODIHR-ის საერთაშორისო მისიის პირველსავე დასკვნებში მითითებული იყო პრობლემა - „წაშლილი ზღვარი“ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.

ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ წინა წელს „წაშლილ ზღვარში“ ნაგულისხმევმა პრობლემამ ამ არჩევნებზეც იჩინა თავი.

„წაშლილი ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, რომელსაც შევეხეთ ჩვენს განცხადებაში. ეს მმართველ პარტიას აძლევს უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით და ეს იგულისხმება წაშლილ ზღვარში ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. იყო ძალიან ბევრი ბრალდება ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსებთან დაკავშირებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიძიოთ ეს ბრალდებები, ჩვენ გამომძიებლები არ ვართ. ჩვენ ცნობად ვიღებთ ბრალდებების მასშტაბსა და სისტემურობას.

მაგრამ, ამავე დროს, ჩვენს განცხადებაში ნათლად აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლების მიერ საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული პროექტების გამოცხადება არ შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედი კანონის სულისკვეთებას. ეს შეეხება წაშლილი ზღვრის საკითხს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ ეს ძალაუფლებაში მყოფებს არასათანადო უპირატესობას ანიჭებს“, - ამბობს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიხაელ გალერმა (EPP) 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისში თქვა, რომ წინასაარჩევნო დარღვევები „ამა თუ იმ სახით“ გავლენას ყოველთვის ახდენს არჩევნების შედეგზე, თუმცა ზეგავლენის მასშტაბი აქ, ადგილზე, საქართველოში უნდა შეფასდეს.

ამასთან, მისი თქმით, ბრალდებები სათანადო გამოძიებას მოითხოვს.

„უფლებამოსილმა ოფიციალურმა პირებმა საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ დაშინების შემთხვევები, რომლებიც მიზნად ისახავდა ოპოზიციის მიერ კანდიდატურის მოხსნას, საჯარო მოხელეებზე წნეხი, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ფინანსური რესურსების მხრივ არსებული ფართო დისბალანსი, რათა დამატებით არ გაძლიერდეს დაუსჯელობის განცდა. არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის“, - ამბობს ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომლის აზრითაც, საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატი სასწრაფოდ შესაცვლელია.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ტექსტში ასევე ხაზგასმულია მედიაგარემოს „მეტისმეტად პოლარიზება“, რითაც ის „მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ განხეთქილებას ასახავს“.

ამასთან, აგრესიის სამიზნე ხდება თავად მედია. „ჟურნალისტების სავარაუდო დაშინებისა და მუქარის ბოლოდროინდელი შემთხვევების გამო გაუარესებული მედიაგარემო, შეშფოთებას იწვევს მედიის უსაფრთხო და დაცულ გარემოში ფუნქციონირების შესაძლებლობის გამო და თვითცენზურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ქვეყანაში კლიმატის შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ესტონელი ევროპარლამენტარი, სადამკვირვებლო დელეგაციის წევრი - მარინა კალიურანდი.

ევროპარლამენტის წევრი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მას გაუზიარეს წუხილი პოლიტიკური დაძაბულობითა და დესტაბილიზაციით დაღლილობის შესახებ და დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხზე ზრუნვა დაიწყონ.

„მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ძალებს, პარტიებს, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ ეროვნული ინტერესები; დააბრუნონ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა და გააგრძელონ იმ საკითხებზე მუშაობით, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებს ადამიანებზე. ეს საკითხებია: ეკონომიკური განვითარება, კოვიდთან ბრძოლა, დემოკრატიული რეფორმები, კონსტიტუციური რეფორმები, სასამართლო, საარჩევნო სისტემის რეფორმები - კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - ამბობს ევროპარლამენტარი.

ODIHR-ის მისიის წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ საფუძველზე საარჩევნო კოდექსში 2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებები ბოლომდე არ ასახავს თავად ODIHR-ისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რის საპირისპიროსაც აცხადებდა საქართველოს ხელისუფლება.

„ახალმა ცვლილებებმა ნაწილობრივ გაიზიარა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის მანამდე გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის საარჩევნო დავების გადაწყვეტის ვადებისა და ხელახალი გადათვლების შესახებ, თუმცა არაერთი მათგანი კვლავაც გაუთვალისწინებელი დარჩა.

მათ შორის ისინიც, რომლებიც შეეხებოდა ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავების გადაწყვეტის სხვა ასპექტებსა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად აუცილებელ დამატებით ზომებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG