logo
ENG



ზურაბიშვილი სააკაშვილზე: ბევრი კითხულოობს შევიწყალებ თუ არა, პასუხი არის - არა და არასდროს

01 ოქტ 202122:23
3 წუთის საკითხავი
clock 4721

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის შეწყალებას არ აპირებს. 

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის, როგოორც პრეზიდენტისთვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ყურება კამერებით სასიამოვნო არ იყო. 

"ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე. თუმცა, სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასდროს.

იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდება და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, როცა ვიდექით და ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავად მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

 
 
 

close დახურვა