logo
ENG



საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან 100 მილიონი დოლარის სესხს აიღებს

21 სექ 202123:57
3 წუთის საკითხავი
clock 1312
2021/09/22/vwvtf39kgpubxzq.jpg

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ავრცელებს. 

როგორც ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა განაცხადა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, "რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული 2 ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას".

"გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომპანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად

ADB-ს ენერგეტიკის მთავარი სპეციალისტის ადნან ტარინის თქმით, "ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას". 

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდანაა. მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. მას საქართველოსთვის ჯამში 3.92 მილიარდი დოლარის სესხი აქვს გაცემული. რაც შეეხება ტექნიკური დახმარების პროექტებს მათი ოდენობა 28.9 მილიონ დოლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1 თვის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე უარი თქვა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია. ღარიბაშვილი მაშინ ამბობდა, რომ EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

 


close დახურვა