ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას ეპიდსიტუაციით ხსნის

29-10-2021 08:25:57 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოში თვითმმართველობის მეორე ტურამდე, 28-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას ეპიდსიტუაციით ხსნის. ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გავრცელდა.

"28 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ნაწილობრივი შეზღუდვები დაწესდა აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების გადაკვეთაზე", - წერია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 28 ოქტომბრის დილიდან ცალმხრივად დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ, სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 28-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენ გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველასთვის, გარდა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურთან ე.წ. საზღვარი ცალმხრივად დაკეტა 2 ოქტომბერსაც, როცა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ არ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები