30 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მმართველი პარტია, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება”, გამარჯვებულად იმ 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში გამოაცხადა, სადაც მოქალაქეებმა არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ამრიგად, ოფიციალური შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება ყველა ძირითად მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თვითმმართველ ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და დედაქალაქ თბილისში მოიპოვა, სადაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს. წალენჯიხა აღმოჩნდა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატზე უკეთესი შედეგი აჩვენა.
ცესკოს შედეგების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 55,6% მიიღო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ლიდერმა ნიკა მელიამ - 44,3%. სიდიდით მეორე ქალაქში - ბათუმში, ენმ-ს კანდიდატს, გიორგი კირთაძეს (49%) მცირედით აჯობა არჩილ ჩიქოვანმა „ქართული ოცნებიდან” (51%). ხოლო სიდიდით მესამე ქალაქში, ქუთაისში, ენმ-ს კანდიდატი ხატია დეკანოიძე (48,3%) „ქართული ოცნების” კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან (51,6%) დამარცხდა.
ოპოზიციამ, რომელიც წარმატების მიღეწევას რამდენიმე დიდი ზომის მუნიციპალიტეტში ელოდა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მათმა კანდიდატებმა პირველ ტურში გაიმარჯვეს (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი), არჩევნების მეორე ტური გაყალბებულად გამოაცხადა. ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ „ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში“ მოპოვებული გამარჯვებები „წაიღო საკუთარ რეზიდენციებში, მოიპარა“. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნებიდან“, რომლის მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის” „ქართული ოცნებისა” და ენმ-ს ალტერნატივად პოზიციონირებს, ასევე განაცხადა, რომ „არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“ და აღნიშნა, რომ თუ ამ კუთხით სათანადო პროგრესი არ იქნება მიღწეული, „არჩევნები [საქართველოში] უაზრო შოუს დაემსგავსება“. ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ბრძოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გადაინაცვლებს.
OSCE/ODIHR-ისა და ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს: „[არჩევნები] ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“. განცხადებაში ასევე ვკითხულოთ: „დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებენ როგორც პარტიის მხარდამჭერები, და დროდადრო პროცესში ერევიან, ასევე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ცალკეული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად ზეგავლენას ახდენენ ამომრჩევლებზე, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა.” საქართველოში აშშ-ის საელჩომ არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ ზოგიერთი რეფორმა, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს „შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე”.
არჩევნების პირველი და მეორე ტური „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ენმ-ს დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ფონზე ჩატარდა. სააკაშვილი უკვე თვეზე მეტია, რაც შიმშილობს და აპროტესტებს, მის წინააღმდეგ წარმოებულ “პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას”. ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტული აქციების გამართვისკენ მოუწოდა, სანამ „ქართული ოცნების” ხელისუფლება იძულებული არ გახდება, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
|